ბიზნესი
01/04/2023

საბავშვო ავეჯის კომპანია "დაჯე" ზრდასრული ადამიანების ავეჯის წარმოებას გეგმავს 

კომპანია "დაჯე", რომელიც საბავშვო ავეჯს უნიკალური დიზაინით, ყველანაირი მეტალისა და ბასრი ზედაპირის გარეშე ამზადებს, ზრდასრული ადამიანების ავეჯის პროტოტიპებზე მუშაობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, უკვე ნახევარი წელია წარმოებამ ახალ საწარმოში გადაინაცვლა, სადაც პროცესები გამარტივდა და ავტომატიზაციის საშაულებით ავეჯის დამზადების დროც შემცირდა.

"დაჯეს პირველი დიზაინი დაახლოებით 35 წლის წინ გაჩნდა, მამაჩემს ჰქონდა სკამის იდეა, რომელიც იმ პერიოდში რამდენიმე პატარა პარტიად დამზადდა, თუმცა მაშინვე ხვდებოდნენ, რომ იმ პერიოდის ტექნოლოგიებთან თავსებადი არ იყო და უფრო დიდ და ზუსტ აპარატურას მოითხოვდა. შესაბამისად,ეს იდეა დროებით თაროზე შემოიდო. აღმოვაჩინე, რომ ეს მოდელი კიდევ არსებობს და ისევ წარმატებით ართმევს თავს, ამიტომ ვიფიქრე, რომ თუ 35 წელი გაძლო უნიკალური ჩასმის პრინციპით აწყობილმა სკამმა, რატომ არ შეიძლება, რომ გაცოცხლდეს და კიდევ დაუბრუნდეს ბაზარს.

რამდენიმე პროტოტიპი შევქმენით, თავიდანვე რატომღაც ბავშვის ავეჯი გახდა ჩვენი მთავარი მიმართულება, თუმცა საწარმოს განვითარებასთან ერთად, ჩვენი გეგემბიც იზრდება. აქტიურად ვმუშაობთ ზრდასრული ადამიანის ავეჯზე, რომლის პირველი მოდელები უკვე შექმნილი გვაქვს, ასევე რბილ ავეჯზე. თუმცა ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მნიშვნელოვანია თუ რამდენად კონკურენტული იქნება ჩვენი ფასი, ბაზარზე არსებულ პროდუქციასთან შედარებით.“-ამბობს კომპანიის დამფუძნებელი დავით ბოჭორიშვილი.

მისივე თქმით, ქართველი მომხმარებლისთვის შოურუმის გახსნა იგეგმება, ამასთან კომპანიის მიზნები ქართული საბავშვო ავეჯის ევროპაში ექსპორტსაც უკავშირდება.

შეგახსენებთ, „დაჯე“ ეკოლოგიურად სუფთა ხის, კომპაქტური და უნიკალური მექანიზმის მქონე ავეჯია, რომელიც დავით ბოჭორიშვილმა მამის ექსპერიმენტების და მისი დიზაინპროექტის საფუძველზე შექმნა. წარმოება 2020 წლის გაზაფხულზე, არყის ხის მასალისგან ტაბურეტების დამზადებით დაიწყო, შემდეგ „დაჯეს“  პროდუქციას მაგიდა, საბავშვო სკამი და ურბანული მებაღეობის ქოთანი შემატა.

კომპანია დღეს უკვე საბავშვო ავეჯის არაერთ სახეობას და განამვითარებელ აქსესუარებს აერთიენებს. ეკომეგობრული ავეჯი, საცალო გაყიდვების გარდა საბავშვო უკვე ბაღებშიც გამოჩნდა. "დაჯეს"  ინოვაციურობა მის დიზაინში და კონსტრუქციაშია, რომელის დაშლა–აწყობასაც რამდენიმე წუთი სჭირდება და ყველანაირი მეტალის გარეშეა დამზადებული.