
საავტომობილო ბიზნესის მოცულობა ₾3.8 მლრდ-ია - როგორია არაფორმალური სექტორის წილი
ავტომობილების ბიზნესის მთლიანი ზომა 2020 წელს Galt & Taggart-ის შეფასებით, 3.8 მლრდ ლარია. ბიზნესი მთლიანობაში მოიცავს სამ ძირითად ქვე-სექტორს: ავტომობილებით ვაჭრობა; ავტო-ნაწილებით ვაჭრობა და ავტომობილების ტექნიკური მომსახურება-რემონტი.
საინვესტიციო კომპანიის გათვლებით, ამ ბიზნესში დიდია არაფორმალური აქტივობების წილი და ფორმალური სექტორი საშუალოდ ბაზრის მხოლოდ 70%-ს მოიცავს.
კვლევის მიხედვით, 2020 წელს ავტომობილების ბიზნესის ფორმალური სექტორის ბრუნვა წლიურად 24%-ით შემცირდა და 2.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ძირითადად ავტომობილებით ვაჭრობის 36%-იანი შემცირებითაა გამოწვეული, ხოლო ავტო-ნაწილებით ვაჭრობისა და ავტომობილების ტექ. მომსახურების სექტორები შედარებით სტაბილური იყო Covid-19-ის მიუხედავად.
"ჩვენი შეფასებით, 2019 წელს ავტომობილების ბიზნესში არაფორმალური აქტივობების ბრუნვამ 1.7 მლრდ ლარი შეადგინა. 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფონზე, ავტომობილების ბიზნესის არაფორმალური ნაწილი 45%-ით შემცირდა, უფრო მეტად ვიდრე ფორმალური ნაწილი (-24% წ/წ), რადგან ავტომობილების და ავტონაწილების ბაზრობები დახურული იყო", - ნათქვამია კვლევაში.