საავიაციო ასოციაცია: ავიაკომპანიას სახელმწიფო არ უნდა ყიდულობდეს
საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქართულ ავიაკომპანიას სჯობს კერძო მფლობელი ჰყავდეს, ვიდრე სახელმწიფო.
განცხადება თანდაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც Georgian Airways-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ ასევე "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რომ ავიაკომპანია ახალ მფლობელს ეძებს და სჯობს Georgian Airways-ის 30-50%-იანი წილი მთავრობამ შეისყიდოს.
როგორც თანდაშვილი აღნიშნავს, საავიაციო ბიზნესში არსებული ტენდენციით, დიდმა სახელმწიფოებმა გაასხვისეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ავიაკომპანიები.
„ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი სახელმწიფოს მხრიდან კერძო ავიაკომპანიის შესაძლო შესყიდვის შემთხვევაში არაერთ კითხვის ნიშანს ხედავს. კერძოდ, რამდენად რენტაბელურია ეს ბიზნესი მაშინ, როდესაც რეგულაციების ნაწილში არასტაბილური დინამიკაა (ქვეყნების გახსნის/დახურვის) და პატარა ქვეყნისთვის რამდენად შემოსავლიანი იქნება გარიგება.
„3 მილიონიანი ქვეყანა ვართ და ავიაკომპანიის კომერციული საქმიანობა მარტო ტურიზმზე ვერ იქნება დამოკიდებული. ამიტომ დიდი კითხვის ნიშნები შეიძლება იყოს. თუ ავიაკომპანია სტრატეგიულად მოახერხებს, რომ კერძო ბიზნესზე გასხვისდეს, ვფიქრობ, ბევრად უფრო მოქნილი იქნება,“ - აცხადებს თანდაშვილი.
მისი განცხადებით, ავიაკომპანია Georgian Airways-ი წლების წინ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო და ახლა მისი უკან გამოსყიდვა, წარსულში დაბრუნება იქნება.
„დღევანდელი გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, სახელმწიფო ავიაკომპანიას არ უნდა ყიდულობდეს. შესაძლოა ხელისუფლებამ დააფუძნოს, შექმნას გარკვეული ბიზნესმოდელი, რომლის მართვის შესაძლებლობაც ექნება, თუმცა, დღეს უფრო მარტივია ავიაკომპანიის ნულიდან დაწყება, ვიდრე რეპუტაციის მქონე ავიაკომპანიის კეთება-შენარჩუნება.
სამწუხარო იქნება თუ ქართული ბრენდი დაიკარგება, მაგრამ მფლობელი უკეთესია კერძო მფლობელი იყოს. ამ შემთხვევაში უცხოური ინვესტიცია მნიშვნელოვანია. საკუთარი რესურსების ჩადება ავიაკომპანიაში, რომელიც ფაქტობრივად გაკოტრებულია, არ მგონია მომგებიანი იყოს,“ - აცხადებს თანდაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Georgian Airways-მა სასამართლოს გადახდიუუნარობის საქმის დაწყების თხოვნით მიმართა. ავიაკომპანიამ რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა ითხოვა რაც დაკმაყოფილდა. კომპანია კრედიტორების მიმართ 176 მლნ-მდე ლარის დავალიანება აქვს. მისი აქტივები კი, მხოლოდ 21,3 მლნ ლარია. კომპანიას ვალდებულებები აქვს 70-ზე მეტ სააგენტოს, მიმწოდებლებს, და 16 168 მგზავრის წინაშე.
ავიაკომპანია რომ ახალ მფლობელს ეძებს, ცნობილი დღეს გახდა. "საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯიზე" კომპანიის გასაყიდ შეთავაზებებში 28 წლიიანი ისტორიის მქონეა ქართული ავიაკომპანია 150 მლნ დოლარად არის შეფასებული. შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის სრულად, ასევე ნაწილობრივ - მისი წილის შეძენა.