ბიზნესი
12/10/2020

რუსთავის აზოტი: პანდემიამ ფასების უპრეცედენტო ვარდა გამოიწვია

"რუსთავის აზოტი" კორონა ვირუსის პანდემიის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში პროდუქციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდდა. ერთ-ერთი მიზეზი რამდენიმე თვის წინ ნავთობის ფასის რეკორდული ვარდნაც იყო. გავლილ კრიზისს „ბიზნესპარტნიორთან“ ქარხნის დირექტორის პირველი მოადგილე, ლევან ბურდილაძე აჯამებს.

„ჩვენი წარმოება და ჩვენი კომპანია 90%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული. ამონაგების 90%, ცოტა მეტიც საექსპორტო შემოსავლებია. იქ მთლიანად ვართ დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებზე. რა თქმა უნდა, ამაზე გავლენა იქონია ნავთობსა და გაზზე ფასების უპრეცედენტო ვარდნამ. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი პროდუქციაც გაიაფდა. ვინაიდან, ჩვენი ძირითადი ნედლეული არის ბუნებრივი აირი. ის ფაქტობრივად, 50%-ით გაიაფდა წელს ევროპის ფასებზე. ამან დააგდო აზოტოვანი სასუქების ფასი, მათ შორის, ჩვენი ამონიუმის გვარჯილის ფასი. ჩვენი პროდუქციის ფასების განსაკუთრებული ვარდნა მაის-ივნისში დაფიქსირდა. ივლისში დაიწყო ცოტა მაღლა ცოცვა. დღეს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა ისეთი დაბალი არ არის, როგორიც იყო ივნისში. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 ტონის ფასი შემცირებულია დაახლოებით 30$-ით. ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ჩვენი წარმადობაა ნახევარ მილიონ ტონაზე მეტი ამონიუმის გვარჯილა. ვერ ვიტყვი, რომ ექსპორტი შემცირებულია. ჩვენ რასაც ვაწარმოებთ, ვყიდით. უბრალოდ, ცუდი არის ის, რომ ჩვენ ვერ გავყიდით იმაზე ძვირ ფასად, ვიდრე ეს არის საერთაშორისო ბაზარზე დადგენილი ფასი. იძულებულები ვართ ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიტუაციით და შესაბამის ფასებში გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკუთარი გაზი არ გვაქვს, რა თქმა უნდა, თვითღირებულება უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე რეგიონში ჩვენს კონკურენტებს.

თუმცა, სწორი პოლიტიკითა და სწორი კურსით გავუძელით ყველაზე რთულ პერიოდს. ფასების უპრეცედენტო ვარდნა იყო. ივნისში 1 ტონა ამონიუმის გვარჯილის ფასი 135$-ზე დაეცა. ეს ჩვენთვის კატასტროფული მდგომარეობა იყო იქიდან გამომდინარე, რომ ფასი თვითღირებულებაზე ბევრად დაბალი იყო. იმედი გვაქვს, რომ ყველაზე უარესი გადავლახეთ ისე, რომ ქარხანას მუშაობა ერთი წამითაც არ გაუჩერებია“,- განაცხადა ბურდილაძემ.