რუსთაველის გამზირზე სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi 2023 წელს გაიხსნება
რუსთაველის გამზირზე სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi 2023 წელს გაიხსნება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორი მინდია გადაევი აცხადებს, ამ ეტაპზე მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული.
„ვფიქრობთ, პროექტი 2023 წელს დავასრულოთ. აღსანიშნავია, რომ იცვლება ტენდენციები. საოფისე ბაზარზე სერიოზული ძვრებია. პანდემიის შემდეგაც დიდი ალბათობით, ხალხის დიდი ნაწილი სახლიდან მუშაობას განაგრძობს. შესაბამისად, საოფისე ფართებზე შესაძლოა, მოთხოვნა გლობალურად შემცირდეს. ეს იწვევს ხალხის ქალაქის ცენტრიდან გადინებას გარეუბნებში. ამიტომ, გარეუბნებსა და კერძო სახლებზე მოთხოვნა შესაძლოა უფრო მეტად გაიზარდოს. ამის გათვალისწინებით, იცვლება ტურიზმის სტრუქტურა.
Hyatt Regency Tbilisi-ს სასტუმრო არა ტურიზმზე, არამედ უფრო ბიზნეს მიმართულებაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, ამ ტენდენციებს ვაკვირდებით, ვსწავლობთ. ამ დროისთვის პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს“-აცხადებს გადაევი.
Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტში 60 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. შენობა განსხვავებული კონცეფციიდან გამომდინარე წინა ფასადით სამ, ხოლო უკანა ფასადით 5 სართულიანი იქნება. სასტუმრო ჯამში 180 ნომერს გააერთიანებს.
იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა „რუსთაველი ფროფერთიმ“ სახელმწიფოსგან 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა, პროექტის დასრულებას კომპანია ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა.