როსტომაშვილი მთავრობის ინიციატივაზე: იდეა კარგია, მთავარია რა პირობებს შესთავაზებენ მშენებლებს
მენაშენეთა ასოციაცია პრემიერის ახალ ინიციატივას დადებითად აფასებს.
საქმე სამშენებლო სექტორისთვის ახალ პროგრამას ეხება, რომლის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დეველოპერებს დამატებითი ფინანსური მოზიდვის სანაცვლოდ საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გარანტირებულ დაკვეთას სთავაზობს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, ინიციატივა კარგია, თუმცა მთავარი ის პირობები იქნება, რომელსაც სახელმწიფო კერძო სექტორს შესთავაზებს.
"ზოგადად, კარგი ინიციატივაა, თუმცა გადამწყვეტია, კომპანიებს რა პირობებს შესთავაზებენ. მაგალითად, მე რომ მითხრან 2 თვეში გააკეთე გზა თბილისიდან მესტიამდე და 2 მილიონ ლარს მოგცემო, არ იქნება კარგი. მაგრამ, პირობითად, თუ მეტყვიან გააკეთე წელიწადნახევარში და 200 მილიონს მოგცემო, რეალური იქნება. რამეს რომ შემოგთავაზებენ სანაცვლოდ რას მოგთხოვენ ეგ არის მნიშვნელოვანი, თორემ პროგრამა ნამდვილად კარგია",- განაცხადა როსტომაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობა სამშენებლო სექტორს ახალ შეთავაზებებს უკეთებს.
ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დეველოპერებს დამატებითი ფინანსური მოზიდვის სანაცვლოდ საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გარანტირებულ დაკვეთას სთავაზობს.
პრემიერის თქმით, ქვეყანას ეკონომიკური ზრდის ამაჩქარებლები და არაორდინარული ნაბიჯები სჭირდება და ინიციატივა დამატებით 1-2%-იან ეკონომიკურ ზრდას მოიტანს.
ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ინიციატივა დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის გაზრდის.
"ამ ინიციატივით, მინიმუმ 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელს", - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ჩამოთვალა პროექტები, რომლის განხორციელებსაც მთავრობა გეგმავს:
დევნილებისთვის სახლები დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი;
პოლიციის ქალაქის მშენებლობა;
პოლიციის შენობების აშენება-რეაბილიტაცია;
800-მდე სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა;
ბაღების მშენებლობა;
გარდა ამისა თავდაცვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს პროექტები და სხვა.
"სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ შემდეგს, რომ მათ შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ მოცულობის სამუშაოებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ინიციატივის გაცნობის მიზნით ვიცე-პრემიერს სამშენებლო სექტორთან აქტიური შეხვედრების გამართვა დაავალა.