ბიზნესი
22/12/2022

Rosali Sambar: წელს ერთ-ერთი მსხვილი დამკვეთი ფარმაცევტული ბიზნესია

შოკოლადის მწარმოებელ კომპანია Rosali Sambar-ში 2022 წელს აფასებენ და აცხადებენ, რომ წინასაახალწლო პერიოდში გაყიდვები გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. დიდი როლი ითამაშა ტურიზის სექტორის გააქტიურებამაც, რადგან კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი დამკვეთი სასტუმროებია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის წარმომადგენელმა პაპუნა ძაძამიძემ განუცხადა, კომპანია შოკოლადს მაღალი საფასო სეგმენტისთვის აწარმოებს და მისი დამკვეთები ძირითადად დიდი კომპანიები არიან.

მისი განცხადებით, მთლიან გაყიდვებში კორპორატიულ სეგმენტს უფრო მეტი წილი უჭირავს, ვიდრე საცალოს. როგორც ძაძამიძე აღნიშნავს,თუ გასულ წლებში ბანკები შოკოლადს Rosali Sambar-ს უკვეთავდნენ და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამკვეთები იყვნენ, ახლა სიტუაცია შეიცვალა. წელს ბანკები Rosali Sambar-ს შოკოლადს აღარ უკვეთავენ.

ძაძამიძე აღნიშნავს, რომ წელს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამკვეთი ფარმაცევტული სფეროა.

„განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში გვიკვეთავდა „საქართველოს ბანკი“, „ქართუ ბანკი“, „ბაზისბანკი“. წელს ალბათ სასაჩუქრე ყუთებში შოკოლადი აღარ აქვთ,“-აცხადებს ძაძამიძე.

კომპანიას ნედლეული ბელგიიდან შემოაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანია 5-7 სახეობის შოკოლადს აწარმოებს, მათ შორის საბავშვო.

გარდა ამისა, რძიანი, შავი, დიაბეტური, თეთრი და თხილიანი შოკოლადი. როგორც ძაძამიძე აღნიშნავს,  Rosali Sambar-ის წარმადობა თვეში 1 ტონაა.  

კომპანიამ ბაზარზე ოპერირება 15 წლის წინ დაიწყო. საწარმოსთან ერთად, კომპანიას ერთი მაღაზია აქვს.