რომელ სფეროში არღვევენ ყველაზე ხშირად COVID-რეგულაციებს
რესტორნები, სოციალური ღონისძიებები, სავაჭრო მოლები და გასართობი ცენტრები - ასეთია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციები, მთავარი შრომის ინსპექტორის აზრით, ყველაზე მეტად ირღვევა.
ბექა ფერაძემ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ ისაუბრა იმ სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც საკოორდინაციო საბჭო წყვეტს, ვინ იმუშავებს და ვინ ვერა.
„ვაკვირდებით, რა ხდება სხვა ქვეყნებში. ვხედავთ სხვადასხვა ნააზრევს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, დაავადებათა კონტროლის მიერ არის გამოქვეყნებული. ასევე ვხედავთ და ვაანალიზებთ შრომის ინსპექციის მიერ განხორციელებულ ინსპექტირებებს, თუ როგორ, რა შედეგი გვაქვს და რომელი სექტორი უფრო არის მზად რეკომენდაციების დასაცავად.
ამ შემთხვევაში მხედველობაში მისაღებია ამა თუ იმ ბიზნესის, ობიექტის ფიზიკური მოწყობა. აი, მაგალითად, რესტორნის, სოციალური ღონისძიების, ან სავაჭრო მოლის, მათ შორის გასართობი ცენტრებიც. ფიზიკურად რომ შევაფასოთ და როდესაც ინსპექტირებას ვახორციელებთ, ამ მიმართულებით დარღვევები ყველაზე მეტია. ვინაიდან, პირბადეს ფიზიკურად ვერ მოთხოვ ადამიანს. ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარეც, როდესაც სუფრას შეექცევა ადამიანი, ასევე ხარვეზებია. ხანგრძლივად უწევთ ადამიანებს ერთ სივრცეში ყოფნა. მესმის, რომ დისკომფორტის შემქმნელი იყო და აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ პოზიციას, როდესაც მოლები გავხსენით, გასახდელი ოთახების გაუქმება გახდა საჭირო“,- განაცხადა ფერაძემ.
ფოტო: ondeck.com