რომან ბოკერია: პრემიერს ავიაცია დეტალებში ესმის
Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი, „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კორონა ვირუსის პანდემიის გავლენით სამგზავრო რეგულარულ რეისებზე ბილეთების ფასები მომატებული თითქმის არ არის. რომან ბოკერია ამბობს, რომ „აირზენა“ ყოველთვის მოგების 5%-იან მარჟაზე მუშაობდა.
„ჩვენი ბილეთის ფასი ყოველთვის იყო თვითღირებულებას დამატებული 5% მარჟა. იგივე პროცენტული დამოკიდებულება შევინარჩუნეთ. ფასები დიდად განსხვავებული არ არის. ისევ გვიწევს კონკურენციის გაწევა სხვა ავიაკომპანიებისადმი. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა მოგვინდეს მაღალი ფასი, ჯერ ერთი, ამას მორალურად არ გავაკეთებთ და მეორე მხრივ ეს ბაზარია, სადაც ჩვენი ფასი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. ის ყოველთვის ასეთად დარჩება“,- განმარტა ბოკერიამ.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ ქვეყნის პრემიერს ავიაცია კარგად ესმის და დარწმუნებულია, რომ ფუნქციონირება კონკურენტუნარიან გარემოში მოუწევს.
„ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი ერკვეოდეს და გული შესტკიოდეს ეროვნული ავიაციისთვის. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან გარკვეულია ავიაციაში. ავიაცია დეტალებში ესმის და ყოველთვის მიიღებს ობიექტურ, სამართლიან გადაწყვეტილებებს, რათა ყველასათვის კონკურენტუნარიანი გარემო იყოს“,- განაცხადა „აირზენას“ გენერალურმა დირექტორმა.