"როგორც ეკონომისტი გეტყვით, რომ საწვავზე აქციზის შემცირება არ იქნება სწორი, როგორც ბიზნესმენი - მომხრე ვარ"
“როგორც ეკონომისტი გეტყვით, რომ საწვავის აქციზის შემცირება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება, როგორც ბიზნესმენი - მომხრე ვარ“- ასე გამოეხმაურა „ვისოლ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი საწვავის აქციზის შემცირებასთან დაკავშირებით ბიზნესის ნაწილის ინიციატივას.
„გეტყვით, რომ ნებისმიერი გადასახადის შემცირების მომხრე ვართ, აქციზი იქნება ეს თუ სხვა. თუმცა როგორც ეკონომისტი ვერ დავეთანხმები ინიციატივას, რადგან მრავალი ფაქტორის გამო დღეს ეს გამართლებული გადაწყვეტილება არ იქნება. ამასთან, ისე იზრდება ნავთობპროდუქტებზე ფასები, რომ შეიძლება აქციზის გადასახადის შემცირების მიუხედავად, რამდენიმე კვირაში თუ ისევ გაგრძელდა ფასების მატება, შემცირებული გადასახადით მიღებული ეკონომიკური ეფექტის სრული ნიველირება მოხდეს,“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
ნავთობიმპორტიორი კომპანიების ნაწილი საწვავის ფასების შემცირების შესაძლებლობას აქციზის გადასახადის განახევრებაში ხედავს.
სექტორის წარმომადგენელთა განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აქციზი 2017 წლამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება, ბენზინი და დიზელი მყისიერად 20 თეთრით გაიაფდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საწვავის აქციზის გადასახადი 2017 წლიდან გაიზარდა. 1 ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 500, ხოლო 1 ტონა დიზელზე 400 ლარს შეადგენს. მხოლოდ 2021 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში საწვავის აქციზიდან 72 მლნ ლარის გადასახადი შევიდა.