როგორი იქნება ჭავჭავაძეზე "დომუსის" ახალი კომპლექსი
ვაკეში, ჭავჭავაძის 31-ში, გურამიშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია „დომუსი“ თებერვალში ახალი პროექტის მშენებლობას დაიწყებს. საუბარია, შერეული ტიპის (საცხოვრებელი და კომერციული) კომპლექსზე, რომლის დასრულებაც 2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
როგორც „დომუსის“ დირექტორი ალექსანდრე კორძახია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპლექსი 18 სართულიანი იქნება, არქიტექტურული კონცეფციის მთავარ შთაგონებად კი ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერის ლანდშაფტი და მრავალწლიანი მწვანე ნარგავების - ხეების კომპოზიცია, პლასტიკა და ტექსტურა იქცა.
კომპლექსში 1 კვადრატული მეტრის ფასი 7260 ლარიდან იწყება.
მისი განცხადებით, კომპოზიციის შექმნა სწორედ ამ ლანდშაფტმა და ნარგავებმა განაპირობა.
„ეს კონცეფცია კიდევ უფრო გამძაფრებულია შენობის თითოეულ სართულზე არსებული ბაღების, ორანჟერეების და მწვანე ნარგავების სიმრავლით,“ - აცხადებს კორძახია.
როგორც კორძახია აცხადებს, პროექტში დაახლოებით 10 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
დეველოპერული კომპანია “დომუსი“ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ამ დროისთვის კომპანიას 5 მშენებარე პროექტი აქვს. მათ შორის, იპოდრომი 2, იპოდრომი, ჭავჭავაძის 29, ფალიაშვილის 87 და ფალიაშვილის 114.