ბიზნესი
14/04/2021

როგორ უნდა გაიხსნას ქვეყანა უსაფრთხოდ - ბიზნესი მთავრობას გეგმას სთავაზობს

კერძო სექტორს მთავრობასთან წარსადგენი 7 პუნქტიანი გეგმა აქვს. დოკუმენტი ითვალისწინებს ბიზნესის მოსაზრებებს, როგორ უნდა გაიხსნას ქვეყანა ისე, რომ კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, კოტე გაბრიჩიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, არსებული შეზღუდვების ფონზე ქვეყანაში ტურისტის შემოსვლა წარმოუდგენელია.

„ეკონომიკის გაჩერება და დაკეტვა გამორიცხულია. იმისთვის, რომ ქვეყანას საარსებო სახსრები ჰქონდეს, ბიუჯეტია საჭირო, ამისთვის კი ეკონომიკა არ უნდა გაჩერდეს. დამატებითი შეზღუდვების დაწესება ჩვენთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია. კონკრეტულად ჩვენს ბიზნესზე არ არის საუბარი. საუბარია არაერთ დარგზე.

თუ ჩვენ გვინდა, რომ დოლარის კურსი ნორმალური იყოს და და გვინდა ტურისტი, რომელსაც ვალუტა შემოაქვს, აქ საკონცენტრაციო ბანაკი არ უნდა დავახვედროთ. საკონცენტრაციო ბანაკია დღეს მოწყობილი. შაბათ-კვირა არა, 8 საათზე სახლში გაიქეცი... რომელ ტურისტს ველოდებით და რა ავიაციის გახსნა გვსურს, როდესაც აქ საკონცენტრაციო ბანაკს ვახვედრებთ. მთავრობასთან გვაქვს წინადადებები, როგორ ავარიდოთ ამ პრობლემებს თავი“,- განაცხადა გაბრიჩიძემ.