როგორ აისახება რესტორნების შეზღუდული მუშაობა ღვინის ბიზნესზე
„თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 22:00 საათის შემდეგ რესტორნებში ღვინო ნაკლებად მოიხმარება და ღამის საათებში უფრო მაგარი, სპირტიანი სასმელები იყიდება.
„ღვინო საკვებთან ერთად მოიხმარება, ხალხი კი 22:00 საათის შემდეგ ნაკლებად მიირთმევს. შესაბამისად, სარესტორნე ღვინის მოხმარებაზე ამას ნაკლები გავლენა ექნება. ამ მხრივ პრობლემა ექნება ბარებს და ღამის კლუბებს, რომლებიც ღამის საათებში უფრო აქტიურად მუშაობენ,“ - აცხადებს რამაზაშვილი.
მიუხედავად ამისა, ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო სარესტორნო ღვინის რეალიზაცია საკმაოდ შემცირდა. რამაზაშვილის ინფორმაციით, ადგილობროვ ბაზარზე კომპანიას გაყიდვების 50%-იანი კლება აქვს. რაც შეეხება ექსპორტს, ამ მიმართულებით შემცირება მცირეა.
თბილისისა და იმერეთის შემდეგ რესტორნების მუშაობა მცხეთაშიც იზღუდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებს მცხეთაშიც მუშაობის შესაძლებლობა 22:00 საათამდე ექნებათ.