ბიზნესი
07/10/2020

როდის გაიხსნება სრულად Axis towers - კომპანიის განმარტება

თბილისის ახალი ლენდმარკის, დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის, Axis towers-ის სრულად გახსნა და ამოქმედება პანდემიის გამო გაჭიანურდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ დეველოპერულ კომპანია Axis-ში განუცხადეს, ამ დროისთვის დარჩენილია კომპლესის ორი მიმართულების, სასტუმროს და ტურიზმის-საფეხმავლო  ნაწილის დასრულება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის უცნობია კონკრეტული თარიღი როდის გაიხსნება Axis towers-ი სრულად.

როგორც ცნობილია, Axis towers-ის  მშენებლობა დეველოპერული კომპანია Axis-ის და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით მიმდინარეობს, რომელიც  92 მლნ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.  

Axis towers-ი 41 სართულიანია, აქედან 4 მიწისქვეშაა. შენობის სიმაღლე 147 მეტრია. კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ტრიალებს ღერძის/ბირთვის გარშემო. პროექტში თავმოყრილია დეველოპმენტის ხუთი მიმართულება: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები.

აღსანიშნავია, რომ Axis towers-ი  საკუთარ ტერიტორიაზე ქმნის საჯარო სივრცესაც. „ცნობილია, რომ თბილისს აკლია საფეხმავლო ქუჩები. ასეთები მხოლოდ ძველ თბილისში გვხვდება. ეს ქუჩა იქნება მთლიანად რეკრეაციული ზონა, რომელიც შეაერთებს ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან. აქ განთავსდება უამრავი კაფე-რესტორანი და გახდება თავშეყრის ადგილი როგორც ამ უბნის, ასევე მთელი თბილისის მაცხოვრებლებისა თუ ტურისტებისთვის.

გარდა საფეხმავლო ქუჩისა, იქმნება გალაკტიონის ძეგლის გარშემო მოედანი (სამანქანე გზა) რომელიც სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს.

მიწის ქვეშ განლაგებულ ოთხ სართულზე, მოეწყობა ავტოსადგომები, რომლებიც საერთო ფართით 4 საფეხბურთო სტადიონის ტოლია,“ - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, Axis towers-ს მოემსახურება საქართველოში ყველაზე სწრაფი 22 ლიფტი, რომელიც ხელს უწყობს შიდა ნაკადების დამოუკიდებელ მოძრაობას, რაც მნიშვნელოვანია მრავალფუნქციურ კომპლექსში.

Axis towers-ის  მშენებლობა  2019 წელს დასრულდა. გასულ წელს კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მისი ხუთი დეველოპერული მიმართულება ეტაპობრივად დაიწყებდა ფუნქციონირებას. სრულად ყველა მიმართულების გახსნა 2019 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი.