როდის დაიწყებს “ბლაუენშტაინ საქართველო“ ყველის და რძის ქარხნის მშენებლობას
ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ ყველისა და რძის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დროებით, ამ ეტაპზე გაურკვევლი ვადით გადადო.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა, პროექტის დაპაუზების მიზეზი ერთდროულად რამდენი ახალი პროექტის დაწყებაა. მათ შორის, პრიორიტეტი მიენიჭა ღორის ფერმის ამოქმედებას.
„რძის და ყველის წარმოება ახალი მიმართულების დამატებაა, შესაბამისად, ეს პროექტი ფრთხილად უნდა დავიწყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ახლა რა ინვესტიციებსაც ვახორციელებთ, ბოლომდე მივიყვანოთ და შემდეგ ამ პროექტს აუცილებლად დავუბრუნდებით“-აცხადებს არაბიძე.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში საქონლის ფერმების ქსელს 2015 წლის ივნისიდან ფლობს. როგორც კომპანიის მენეჯერი აცხადებს, რძის და ყველის გადამამუშავებელი ქარხანა რაჭაში, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში აშენდება. ამ ეტაპზე უცნობია პროექტის საინვესტიციო ღირებულება.
კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ 2009 წელს ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში, სოფელ შარდომეთში 18 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.