ბიზნესი
27/04/2021

რესტორნებისთვის "დელივერ სერვისის" პროცენტის სუბსიდირება - ზურაბ ბაქრაძის ინიციატივა მთავრობას

„ზალა რესტორნის“ მფლობელი ზურაბ ბაქრაძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო მთავრობა შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს, სექტორისთვის ეს განადგურების ტოლფასი იქნება.

„ამ შემთხვევაში სექტორი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამის შემდეგ უბრალოდ ვეღარ გავიხსნებით, აღარ იარსებებს რესურსი, რომ რესტორნებმა მუშაობა გააგრძელონ,“ - აცხადებს ბაქრაძე.

მისი განცხადებით, რესტორნისთვის მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობას აზრი არ აქვს, რადგან საკურიერო  კომპანიებს  მომსახურეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვთ, რაც არსებობის საშუალებას არ იძლევა.

„ზალა რესტორნის“ მფლობელი მთავრობას რეკომენდაციასაც აძლევს და აცხადებს, რომ არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელსაც ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

მათ შორის:

1. რესტორატორებს დაგვევალოს თანამშრომლების ჩვენივე ხარჯით კოვიდვაქცინაცია

2. განისაზღვროს ობიექტის სტატუსი - თუ რესტორანი არის კოვიდ უსაფრთხო, მიენიჭოს მწვანე ობიექტის სტატუსი.

3. უბნების მიხედვით შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფები. მთავრობა სახლში ჩაკეტილ ადამიანებს უხდის 200-200 ლარს და შეუძლია ეს ხალხი მონიტორინგის ჯგუფებში გამოიყენოს. მოსახლეობა თუ ამაში არ ჩაერთო, მარტო ხელისუფლება ვერაფერს გახდება. 

4. შესაძლებელია მთავრობის მხრიდან  მოხდეს საკურიერო კომპანიებისთვის ჩვენს მიერ გადასახდელი „დელივერ სერვისის“  პროცენტის სუბსიდირება. ეს დიდი შეღავათი იქნება,“ - აცხადებს ბაქარაძე.

როგორც „ზალა რესტორნის“ მფლობელი განმარტავს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავრობის მხრიდან ბიზნესის თითოეულ წარმომადგენელთან ინდივიდუალური მიდგომა უნდა იყოს.

შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდვითარების გაუარესების გამო ვრცელდება ინფორმაცია შეზღუდვების  შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით.