რესტორნები გახსნან, მაგრამ აკრძალონ ალკოჰოლის მოხმარება – რესტორანი "კახელები"
რესტორან „კახელების“ დამფუძნებელი ჭიჭიკო გოლეთიანი სარესტორნო ბიზნესში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, „კახელები“ სულ გაჩერებული არ არის, რადგან კომპანიას აქვს საცხობი, რესტორანში მოქმედებს გატანის სერვისიც, თუმცა აღნიშნული სერვისებიდან მიღებული შემოსავალი მიზერულია კომპანიის სრულყოფილი ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის.
გოლეთანის განცხადებით, კომპანია ყოველთვიურად წაგებაზე მუშაობს.
„ველოდებით, რომ ეს სიტუაცია "გადავაგოროთ", პერსონალი არ დავკარგოთ, რადგან მათი ხელახლა აყვანა ძალიან რთულია და ვცდილობთ ეს ადამიანები შევინარჩუნოთ. გასულ წელს, პირველი ლოკდაუნის პირველ თვეს 100 000 ლარით ვიზარალეთ, ახლა საცხობით მაინც გავდივართ ფონს, იანვარში მაგალითად, 6 000 ლარით ვიზარალეთ,“ - აცხადებს გოლეთიანი.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში ღვინის კულტურა და დამოკიდებულება შეიცვალა, ეს კი ხელისფლებაში უნდა გაითვალისწინონ.
„ეპიდემიოლოგები ჩარჩენილები არიან 80-იან წლებში, მათ რაც ახსოვთ რაც ხდებოდა მაშინ რესტორნებში, ის ჰგონიათ ახლა. მაშინ 20 ლიტრიანი ბოცებით დადიოდა ხალხი და იყო ერთი ამბავი. ახლა ჩემს რესტორანში მთვრალი ადამიანი არ მინახავს. სვამენ რამდენიმე ჭიქა ღვინოს და აბსოლუტურად ნორმალურად იქცევა ყველა. ხომ შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ ეს და ალკოჰოლის მოხმარების გარეშე გაეხსნათ რესტორნები. რატომღაც არ აკეთებენ ამას,“ - აცხადებს გოლეთიანი.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სარესტორნო ბიზნესი 2020 წლის 28 ნოემბრიდან დახურულია.