ბიზნესი
25/11/2020

რესტორატორთა ასოციაცია: დამატებითი შეზღუდვა სექტორის "ლოქდაუნი" იქნება

რესტორატორთა ასოციაცია მთავრობას არსებული შეზღუდვების დატოვებას და ახალი შეზღუდვების დაწესებისგან თავის შეკავებას სთავაზობს. გაერთიანების თავმჯდომარის განმარტებით, ნებისმიერი ახალი რეგულაცია სფეროსთვის დამღუპველი იქნება, რაც თავის მხრივ, ათი ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს.

„დღეს, ეს სფერო ისეთ მდგომარეობაშია, დამატებით ნებისმიერი შეზღუდვა მთლიანი სფეროს „ლოქდაუნი“ იქნება. აქედან გამომდინარე დაიკარგება ათი ათასობით სამუშაო ადგილი და ეს არის პრობლემა. ვიღაცისთვის ეს შესაძლოა პრობლემას არ წარმოადგენს, აქ პრობლემა დასაქმებულებია. სფერო წითელ ხაზებს უკან დგას. ამის იქით რაღაცის გაკეთება, რომ კიდევ შეზღუდვები დაწესდეს, უბრალოდ წარმოუდგენელია.

ძალიან მარტივი ლოგიკაა. 10 საათის შემდეგ რესტორნები აღარ მუშაობდნენ, შემდეგ 8 საათის მერე აღარ მუშაობდნენ. რეალურად კოვიდ მდგომარეობამ უკან არ დაიხია, პირიქით. ისმის ლოგიკური კითხვა, სად არის აქ რესტორნების როლი? სად არის პრობლემა რესტორნებიდან გამომდინარე. დღეს რესტორნებში ხალხი არ დადის. ის, რაც პრობლემა იყო, რომ რესტორნებში თავყრილობაა და ქეიფი, აღარ არის ეს. ჩვენი სფეროსთვის დამატებითი შეზღუდვები იქნება დამღუპველი და ათიათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვა. ჩვენი შეთავაზება მხოლოდ არსებული შეზღუდვების დატოვებაა“,- აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, კერძო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის წევრებს ამ კვირაში უკვე მეორედ ხვდებიან. აუდიენციების მთავარი თემა დამატებითი შეზღუდვების ამოქმედებაა.