ბიზნესი
01/02/2022

რესტორანი "ტერასა": ჩვენი მხრიდან "მწვანე პასპორტების" მოთხოვნა გაღიზიანებას გამოიწვევს

რესტორანი „ტერასას“ ხელმძღვანელი ილია ბირთველიშვილი „მწვანე ბარათების“ მოთხოვნის  გაუქმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ბიზნესისთვის დადებითი ეფექტი ექნება.

მისი განცხადებით, ზოგადად, არსებულ რეგულაციებს დადებითი ეფექტი არ მოუტანია.

„ადამიანს თუ არ უნდა თავის მოვლა, არ უნდა. ამას ვერც „მწვანე პასპორტებით“ აიძულებ და ვერც სხვა რეგულაციით. გამოსავალია რომ ადამიანები მიხვდნენ იმუნიზაციის აუცილებლობას და აიცრან, მაგრამ თუ ამას ვერ ხვდება, „მწვანე ბარათი“ უშველის? რაც შეეხება ბიზნესს, ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით 70% აუცრელია, შესაბამისად, ბიზნესის სერვისებს მხოლოდ 30% იყენებდა. აუცრელი კატეგორია ბიზნესისთვის დაკარგული იყო. ახლა სიტუაცია შეიცვლება,“ - აცხადებს ბირთველიშვილი.

რაც შეეხება ბიზნესისთვის მიმართვას, გამოიყენონ „მწვანე პასპორტები“, ამას ბირთველიშვილი არ ეთანხმება, მსგავსი რამ ხალხში გაღიზიანებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე ბარათის" გაუქმებაზე გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი  ბიზნესს "მწვანე ბარათის" გამოყენების რეკომენდაციას აძლევს.