ბიზნესი
16/02/2022

რატომ ვერ იქნება რეცეპტში ძირითადად ჯენერიკ მედიკამენტები - ასოციაციის განმარტება

ამ ეტაპზე ჯენერიკული მედიკამენტების გამოწერა არ უნდა მოხდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შესაბამისი ხარისხის კონტროლი არ გვაქვს, – ასე გამოეხმაურა ფარმაციის ასოციაცია, ირაკლი ლექვინაძის რეკომენდაციას, რომელიც ამბობს, რომ ელექტრონულ რეცეპტში ძირითადი მედიკამენტები ჯენერიკული უნდა იყოს. 

მარგველაშვილი "ბიზნესპარნიორთან" აცხადებს, რომ უნდა გვქონდეს შესაბამისი მექანიზმები ხარისხის გასაკონტროლებლად და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანაში შემოსული ყველა ჯენერიკ მედიკამენტი რეგისტირებულია.

"იმ ქვეყნებში, სადაც რეცეპტში ჯენერიკ მედიკამენტს უთითებენ, თითოეული ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან თავისი მახასიათბლებით, საქართველოში ამის გარანტია არ გვაქვს. ჩვენი სისტემის პირობებში მხოლოდ არასავაჭრო დასახელების წამლის გამოწერა საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელია ამაზე საუბარი.

2016 წლის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებულია ელექტრონული რეცეპტის გამოწერის წესი, რომელშიც განმარტებულია, რომ აუცილებელია მითითებული იყოს არასავაჭრო დასახელება, მაგრამ ამავდროულად ექიმს ეძლევა უფლება მიუთითოს სავაჭრო დასახელებაც. სწორედ ეს პრაქტიკა უნდა ამუშავდეს და მოხდეს ამის იმლემენტაცია," – ამბობს ირაკლი მარგველაშვილი. 

მისივე თქმით, მედიკამენტის ფასი ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და ხარისხი.

"სანამ დარწმუნებული არ ვიქნებით, რომ საქართველოში არსებული ყველა მედიკამენტი უსაფრთხოა, იქამდე მხოლოდ ჯენერიკული ელექტრონული რეცეპტის დაშვება არ შეიძლება. ამასთან, თუ ხარჯების დაზოგვას ჯენერიკული რეცეპტით განვიხილავთ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ჯენერიული მედიკამენტი, საქართველოში, ბრენდზე ძვირია და ამ შემთხვევაში საწინააღმდეგო შედეგს მივიღებთ. იმ ქვეყნებში, სადაც ჯენერიკული პრეცეპტებია, არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ჯენერიულ პრეპარატს ავალდებულებს ბრენდისგან განსხვავებული, შედარებით ნაკლები ფასი ჰქონდეს.

ასევე, ზოგიერთ იმპორტირებულ წამალს თუ არ მოეთხოვება GMP სერთიფიკატი და ასეთი წამლები გვაქვს მიმოქცევაში, ამით არამხოლოდ ჯენერიკული, არამედ ისეთი მედიკამენტების გაყიდვას შევუწყობთ ხელს, რომლის რეალიზაციაც შეიძლება მოხდეს ფარმაცევტული კომპანიის ზეწოლის შედეგად, თუნდაც სააფთიაქო ქსელზე," – ამბობს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ირაკლი ლექვინაძემ რეკომენდაციები წარმოადგინა და ჯენერიკული მედიკამენტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ახლაც არსებობს ელექტრონული რეცეპტების სისტემა და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა, თუმცა ელექტრონული რეცეპტი კიდევ უფრო ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი. ამასთან, რეცეპტი აუცილებლად უნდა იყოს ჯენერიკული.