"ელექტრონულ რეცეპტში ძირითადი მედიკამენტები ჯენერიკული უნდა იყოს, რაც ხარჯებსაც შეამცირებს"
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ელექტრონული რეცეპტის ფართოდ დანერგვის აუცილებლობაზე აცხადებს.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით საქართველოში ახლაც არსებობს ელექტრონული რეცეპტების სისტემა და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა, თუმცა ელექტრონული რეცეპტი კიდევ უფრო ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი. ამასთან, რეცეპტი აუცილებლად უნდა იყოს ჯენერიკული.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ირაკლი ლექვინაძემ რეკომენდაციები წარმოადგინა და ჯენერიკული მედიკამენტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში ჯენერიკული მედიკამენტების მოხმარების პროცენტული მაჩვენებლი ძალიან დაბალია.
"მოქალაქეებში ჯენერიკული მედიკამენტების პოპულარიზაცია, პრაქტიკულად, არ ხდება, როდესაც მას შეიძლება ჰქონდეს ზუსტად იგივე დანიშნულება, როგორც ძირითადი დასახელების მედიკამენტს. ასევე, რეცეპტში აქცენტირება ხდება მთავარ სავაჭრო დასახელებაზე და მითითება ხდება კონკრეტულ მედიკამნეტზე და მომხმარებელს არჩევანი აღარ რჩება. ასეთი მიდგომა ზრდის დანახარჯებს თითოეული ჩვენგანისთვის. ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ რეცეპტი უნდა იყოს ელექტრონული და აღმასრულებეს და მაკონტროლებელს ქონდეს მეტი კონტროლის საშუალება. ასეთი პრაქტიკა გარკვეული მიმართულებით დანერგილია, მაგრამ ამას უნდა მიეცეს მასიური სახე და რეცეპტი უნდა იყოს ჯენერიკული. ერთი ძირითადი დასახელების და ჯგუფის გარდა მასში იყოს რამდენიმე ჯენერიკული ალტერნატივა და მოქალაქეს უნდა ჰოქნეს ინფორმირებული არჩევანი, რომ როდესაც ის მიდის აფთიაქში მიიღოს მისთვის უკეთესი გადაწყვეტილება."- აღნიშნავს, ირაკლი ლექვინაძე.
მისივე განცხადებით, მათი რეკომენდაცია ეხება ფარმაცევტისა და მოქალაქის ურთიერთობასაც.
"ფარმაცევტს რეცეპტის გარეთ არანაირი უფლება არ უნდა ქონდეს სხვა შეთავაზება გააკეთოს და რომელიმე ალტერნატიული მედიკამენტი ურჩიოს მომხმარებელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებით, საქართველოში შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს მედიკამენტების ხარჯები.
ჩვენი დასკვნის მიხედვით, რომელიც ცეპტრიაქსონის მედიკამენტების ჯგუფის ანალიზს მოიცავს, სამი კომპანიის გაყიდვების მაგალითზე 2016-2020 წლებში, მოქალაქეს რომ ჰქონოდა ფართო არჩევანი დაახლოებით 16 მლნ ლარს დაზოგავდა, ასვე მეორე ჯგუფის, ENAP-H-ის მედიკამენტები, რომელიც ნაკლები მოთხოვნით გამოირჩევა, ამ შემთხვევაში დაახლოებით 5-6 მლნ ლარის დაზოგვა იყო შესაძლებელი. თუ მთლიან ბაზარს შევხედავთ, ასეთი სისტემის არაებობის და ბევრად მკაცრი კონტროლის შემთხვევაში, შესაძლებელია 25%-ის დაზოგვა, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი გათვლებით 250 მლნ ლარია, რომელიც შეიძლება დაიზოგის მედიკამენტებზე გასაწევი ხარჯების მიმართულებით."- ამბობს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
ლექვინაძემ ასევე განმარტა, რომ შესაძლებელია დღესვე იქნას მიღებული მკაცრი გადაწყვეტილებები ჰოლდინგებთან მიმართებაში, მაგრამ თუ სისტემური საკითხები არ მოწესრიგდა, ბუნებრივია სისტემა თუ ისევ ისე იმუშავებს როგორც დღეს, მოქალაქეებს ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ძვირი დაუჯდებათ მედიკამენტები.