ბიზნესი
25/02/2021

რატომ შეაჩერა ინვესტორმა ჰუალინგის თიზ-ში პლასტმასის ქარხნის მშენებლობა

ხელისუფლება ამზადებს კანონს, რომლის შედეგადაც, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) პლასტმასის ქარხნის მშენებლობას შესაძლოა ხელი შეეშალოს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ქუთაისის თიზ–ის (ჰუალინგი) ხელმძღვანელმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა.  

„პირველადი ბრძანებულების პროექტი მზადაა, თუმცა, მას კანონის ძალა არ აქვს, ჯერ ის პარლამენტს არ მიუღია,“ - აცხადებს ნიბლაძე.  

მისი ინფორმაციით, ჩინელი ინვესტორები პროექტის დასაწყებად მზად იყვნენ, თუმცა პროცესი მთავრობის გადაწყვეტილებამ დააპაუზა. როგორც ნიბლაძე აცხადებს, მთავრობა მეორადი პლასტმასის ნარჩენების იმპორტის აკრძალვას/შეზღუდვას გეგმავს. მისი შეფასებით, სახელმწიფომ თუ ეს კანონი მიიღო, თიზ-ში ეს უმსხვილესი, 10 მილიონის პროექტი ვეღარ განხორციელდება.

„ინვესტორმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ინვესტიციის განხორციელება და დააკვირდეს მოვლენებს, შესაბამისად, იმოქმედოს მას შემდეგ, რაც იქნება ღია სურათი თუ რას გეგმავს ქვეყანა ამ მიმართულებით. ეს ის ინვესტორია, რომელიც ანალოგიური პროექტის განხორციელებას ხობში აპირებდა, საუბარი იყო დაახლოებით 50 მლნ ლარის ინვესტიციაზე.  ქვეყნის მთავრობა ამას ამართლებს ევროკავშირთან ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზების კუთხით,“ - აცხადებს ნიბლაძე.

მისივე თქმით, ქუთაისის თიზ-ში უკვე ამოქმედდა და სატესტო რეჟიმში მუშაობს პლასტმასის გრანულების მწარმოებელი ქარხანა, რაშიც  2 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც ცნობილია, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.