ბიზნესი
07/04/2021

რატომ იცვლება "ვილა გოდოლის" ვილების დიზაინი - სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება

კახეთში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის სასტუმრო „ვილა გოდოლი“ პირველ სტუმარს 2022 წელს მიიღებს. როგორც პროექტის მფლობელი და ხელმძღვანელი გიორგი ქოჩლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სასტუმროს გახსნა 2021 წელს იყო დაანონსებული, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

მისი განცხადებით, 56 ნომრიანი სასტუმრო თელავის რაიონის სოფელ  რუისპირში გაიხსნება და მასში დაახლოებით 40 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროს ტერიტორიის 3 ჰა-ზე ვენახებია გაშენებული. ქოჩლაძე აცხადებს, რომ ამჟამად სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, თუმცა პანდემიის გამო ნელი ტემპით მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ორ ეტაპადაა დაგეგმილი. კერძოდ,  კომპანია „ვილა გოდოლი“ ამავე ტერიტორიაზე მაღალი კლასის ვილებს აშენებს. სწორედ მისი მშენებლობა იქნება პროექტის მეორე ეტაპი. გიორგი ქოჩლაძის განცხადებით, 25 მაღალი დონის ვილის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება.

სრულად კომპლექსის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

სასტუმროს დიზაინსა და ფასადზე კომპანია „სპექტრუმმა“ იმუშავა. გამოყენებულია ეთნიკური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია. მასალები შერჩეულია რეგიონისთვის დამახასიათებელი, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ხასიათით, კერძოდ:კოშკი მოპირკეთებულია რიყის ქვით, ხოლო დეტალებად გამოყენებულია აგურის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჩანართები.

ქოჩლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი კლასის ვილები უკვე დაპროექტებული იყო, გადაწყდა, რომ ზედმეტად ავთენტური ვილების დიზაინი შეცვლილიყო.

„მიგვაჩნია, რომ ვილები ზედმეტად ავთენტური და პროვანსური იყო. ახლა მეტი თანამედროვეობა შევიტანეთ, ვმუშაობთ გადაპროექტებაზე და უფრო მეტი თანამედროვე ელემენტები იქნება შეტანილი,“ - აცხადებს ქოჩლაძე.

რაც შეეხება ვილების ღირებულებას, ეს გადაპროექტირების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომპლექსში არსებული სასტუმრო „ვილა გოდოლი“ გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზე.

კითხვაზე, განიხილება თუ არა სასტუმროში საერთაშორისო ოპერატორის შესვლა, ქოჩლაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.

კომპანია პროექტს პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს. „ვილა გოდოლმა“ სახელმწიფოსგან 7.5 ჰა მიწის ფართი 2019 წელს შეიძინა და სასტუმროს მშენებლობაც 2019 წლის ბოლოს დაიწყო.