რატომ გაიზარდა თბილისში ბინების გაყიდვები - მენაშენეთა ასოციაციის განმარტება
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სექტორში ბინების გაყიდვების კუთხით ვითარება ბოლო ორი წელი საკმაოდ რთული იყო.
„2019 წელს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად, გართულდა იპოთეკური სესხების აღება, ამ ფაქტმა გაყიდვები ძალიან შეამცირა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც სესხი ვერ აიღო, ბინის ყიდვა გადაიფიქრა. გასულ წელს კი პანდემია დაიწყო და პირველ თვეებში დაკეტილი იყო ყველაფერი, შემდეგ იყო პანდემიის პირველი ეფექტი და შოკი, ახლა თითქოს შევეგუეთ. ის კატეგორია კი, რომელსაც ბინის ყიდვა უნდოდა, არსად გამქარალა. შესაბამისად, ის, რომ სტატისტიკურად 2021 წლის აპრილში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა ტრანზაქციები, არის დაგროვილი სურვილები, თორემ ქვეყანაში რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ეს ხომ ფაქტია“, - აცხადებს როსტომაშვილი.
შეგახსენებთ, თბილისში ბინებზე მოთხოვნა გაზრდილია, მაჩვენებლები პანდემიმდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად უსწრებს. Colliers Georgia-ს მონაცემებით, თბილისში აპრილში ბინების 3,103 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია.
ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2021 წლის აპრილში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34%-ით გაიზარდა. პრემიუმ სეგმენტში კი 39%-იანი ზრდაა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი 21%-ით შემცირდა.
2021 წლის აპრილში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,049 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 21%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.