ბიზნესი
18/11/2021

რას სთხოვს სარესტორნო ბიზნესი მთავრობას - სექტორი ეკონომიკის მინისტრს ხვდება

სარესტორნო ბიზნესი მთავრობას ხვდება, განსახილველი საკითხი „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედებაა. როგორც სექტორის წარმომადგენლების ნაწილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ინდუსტრიისთვის მიუღებელია „მწვანე პასპორტების“ ამ ფორმით ამოქმედება.

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ შეხვედრის ინიციატორი მთავრობა, კონკრეტულად კი, ეკონომიკის სამინისტროა, რომელსაც დიდი ალბათობით, შრომის ინსპეციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძეც დაესწრება.

როგორც გაბრიჩიძე ამბობს, სექტორს არაერთი კითხვა აქვს, რაზეც პასუხს მთავრობისგან ელოდება. მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვანია „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის აღსრულება, როგორ გავრცელდება ეს უცხოელ ტურისტებზე და ასე შემდეგ.

„უმრავი დეტალია და პასუხი არაფერზე ვიცით, ამ ეტაპზე ასეა. „მწვანე პასპორტები“ სხვანაირად უნდა ამოქმედებულიყო. კერძოდ, უნდა ყოფილიყო მწვანე ზონა, სადაც იქნებოდა ღია სივრცე მუშაობისთვის,“ - აცხადებს გაბრიჩიძე.

მთავრობასთან კითხვები აქვს  რესტორან „მარანი ჰოლის“ დირექტორ მალხაზ ნუცუბიძესაც. მისი განცხადებით, ეპიდემილოგიური მდგომარეობის გათვალიწინებით „მწვანე პასპორტების“ ამოქმედება აუცილებელია, თუმცა, ამის სანაცვლოდ სექტორმა გარკვეული შეღვათები უნდა მიიღოს.

„აუცილებლად ვკითხავთ დღეს ეკონომიკის მინისტრს, რის სანაცვლოდ უნდა ავამოქმედოთ „მწვანე პასპორტები“, მაგალითად, 50-100 კაციან ქორწილს დაუშვებენ? ბანკეტების გამართვის საშუალება გვექნება? არის ბევრი კითხვები, რომელზე პასუხებიც არ გვაქვს,“ - აცხადებს ნუცუბიძე.

პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები.