ბიზნესი
05/04/2023

რაჭაში წარმოებული ჩაი Montea ევროპის ბაზარზეც იყიდება

ჩაის მწარმოებელი ქართული კომპანია Montea ექსპორტზე ოთხ ქვეყანაში გავიდა.

როგორც კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, ექსპორტი გერმანიაში, პოლონეთში, ესპანეთსა და თურქეთში განხორციელდა. გასულ წელს Montea-მ 1000 ტონაზე მეტი ჩაის წარმოება მოახერხა. პროდუქციის 95% ექსპორტზე გავიდა.

კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანი ხეცურიანის განმარტებით, ამ ეტაპზე Montea 6 სახეობის ბიო ჩაის აწარმოებს.

„რაჭაში, უფრო კონკრეტულად კი ამბროლაურში გვაქვს საწარმო, რომელიც მოიცავს უნარჩენო წარმოების სრულ ციკლს. რაც შეეხება ჩაის პლანტაციებს, პლანტაცია ტყიბულში, სოფელ წყნორში მდებარეობს, ზღვის დონიდან 750 მეტრზე. ჩვენი კომპანია იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ქართული ორგანული ჩაის წარმოება, შევისყიდეთ პლანტაცია. მოვახდინეთ მისი სრული რეაბილიტაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანეთ. გვაქვს საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე პლანტაცია, რაც განაპირობებს პროდუქტის გემოვნურ თვისებს. წარმოებისას გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი სასუქი,“-აღნიშნა ანი ხეცურიანმა.

მისივე განმარტებით, კომპანია ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე მუშაობს, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტული იმ ბაზრების პოტენციალის სრულად ათვისებაა, სადაც Montea-ს პროდუქცია უკვე წარმოდგენილია.

Montea 300 ათას დოლარიანი ინვესტიციით, ქართულ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. კომპანიას ამ ეტაპზე 200-ზე მეტი დასაქმებული ყავს. სეზონური სამუშაოებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 600 ადამიანს აჭარბებს.