ბიზნესი
26/10/2020

რა პროცედურების გავლა მოგიწევთ თუ "აწარმოე საქართველოში" ბიზნესიდეა მოგიწონეს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი გაბრიაძემ „ბიზნესპარტნიორის“ დილის ეთერში ის პროცედურები განმარტა, რომლის გავლაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს განცხადებების მიღების დასრულების შემდეგ მოუწევთ.

„პირველი ეტაპი ბიზნესიდეების მიღებას მოიცავდა. ამის შემდეგ ისინი გადაირჩევა. ცვლილებები გვაქვს მიმდინარე ეტაპზე - როდესაც განაცხადები შემოდის, ის ავტომატურად ხდება კოდიფიცირებული, ანუ შემფასებელი ვერ ხედავს ვისია ესა თუ ის განცხადება. ბიზნესიდეებს შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები შეაფასებენ. განცხადების პირველი გადარჩევა იგეგმება, რომ 1-ელი ნოემბრისთვის დასრულდება. შემდეგ ეტაპზე გადასულებს მეწარმეობაში ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგი, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა დაიწყონ ბიზნესი და ასევე, როგორ უნდა დაწერონ ბიზნეს გეგმა, რომელიც უკვე მესამე ეტაპია. ისინი დაწერენ ბიზნეს გეგმას, ეს იქნება დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებამდე. დოკუმენტი იქნება უფრო ვრცელი და მოიცავს ბიზნეს გათვლებს.

შემდეგ ეტაპზე გადასულმა მონაწილემ თანამონაწილეობის თანხა უნდა აითვისოს, შემდეგ კი ის სააგენტოსგან საგრანტო დაფინანსებას მიიღებს“,- განმარტა გაბრიაძემ.