რა გამოწვევების წინაშეა კონკურენციის სააგენტო - ირაკლი ლექვინაძის განმარტება
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” სააგენტოსთვის დღეს არსებულ გამოწვევებს ასახელებს. მათ შორის, ერთ-ერთი არსებული კანონმდებლობაა.
“2004-2014 წელი, ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ამ სფეროში სრული ვაკუუმი იყო. ეს დიდი დანაკლისია. დღეს ჩვენ 2 მთავარ გამოწვევას ვხედავთ. პირველი, 2014 წლიდან დღემდე არსებობდა კანონმდებლობა, რომელიც სრულყოფილად ვერ პასუხობდა მოქმედებებს, მოლიდინებს, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც ბიზნესის, ასევე მომხმარებლის მხრიდან. დღეს უკვე დადგა ის ეტაპი, როდესაც სხვა ფაზაზე გადავდივართ. 4 ნოემბრიდან პარლამენტში 3 წლიანი მუშაობის შედეგად ცვლილებების ძირითადი ნაწილი ძალაში შედის.
მეორე გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებებისადმი როგორც მომხმარებლის, ასევე ბიზნესის დამოკიდებულება. ჩვენ, და ზოგადად ამ უწყებებს სხვა ქვეყნებშიც, სჭირდებათ ბევრი შემთხვევა და გადაწყვეტილება, რომელსაც გავლილი აქვს სასამართლო კონტროლი.
ნებისმიერ გადაწყვეტილებას ორი მხარე აქვს. თუ ჩვენი უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადის სასამართლო კონტროლს და სასამართლო ინსტანციები გვიდასტურებენ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო გამართული, ასეთ შემთხვევაში ნდობა სააგენტოს მიმართ კიდევ უფრო მაღალია. ის 10 წლიანი პერიოდი კი 2004-დან 2014 წლამდე კონკურენციის სააგენტოსთვის დანაკარგია,” - აღნიშნა ლექვინაძემ.
ამ დროსათვის სააგენტოს გადაწყვეტილებებთან დაკავშორებთ 11 სასამართლო დავა მიმდინარეობს, აქედან 6 დავა პირველ ინსტაციაში კონკურენციის სააგენტომ მოიგო, 3 დავა კი მეორე ინსტაციაშიც მოგებული აქვს.