რა ეტაპზეა ადგილობრივ კომპანიებსა და "კარფურს" შორის დაწყებული დავა
კომპანიამ "გრანდი" პირველ ინსტანცაში "კარფურთან" დავა მოიგო. კომპანიის სასარჩელო მოთხოვენები სრულად დაკმაყოფილდა.
მთლიანობაში "კარფურთან" სასამართლო დავა 10-მდე ადგილორბივმა კომპანიამ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, დავა ჯამურად 100 000-ობით ლარზე მიმდინარეობს, რომლებიც კომპანიებს მათ დაუკითხავად ჩამოეჭრათ. კერძოდ, დავა ძირითადად "კარფურის" მხრიდან თანხების არასწორ გაქვითვას შეეხება. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, დავების ნაწილი მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა, საქმეების ნაწილს კი სასამართლო ამ დრომდე განიხილავს.
„რამდენიმე კომპანია მორიგების გზით წავიდა, რამდენადაც ისინი ამ დროისთვის თანამშრომლობენ "კარფურთან". "კარფურმა" მათ შესთავაზა გარკვეული დავალიანების გადახდა და შესაბამისად მორიგდნენ, მაგრამ ის კომპანიები ვინც ამ მორიგებაზე არ წავიდნენ, სარჩელი შეტანილი აქვთ სასამართლოში და პროცესი გრძელდება. ვფიქრობ, ეს პროცესი, რომელიც უკვე დასრულდა იქნება მწვანე ბარათი სხვა კომპანიებისთვისაც,“ - განაცხადა ივა ჭყონიამ.
რაც შეეხება კომპანია "გრანდთან" დაკავშირებულ საქმეს, "კარფურს" კომპანიის მხრიდან 22 000 ლარის მიწოდებული საქონლის ნასყიდობის და დაახლოებით 28 000 ლარამდე, წლიური 8.8%-ის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება დაეკისრა. ამასთან, "კარფურს" დაეკისრა პროცესის ხარჯების დაფარვაც.
„ვფიქრობ, რომ გასაჩივრების შემთხვევაშიც კი ზემდგომმა ინსტანციებმაც იგივე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მხოლოდ 1 არგუმენტი არ გვქონია სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლომ რეალურად ჩვენი პირველივე არგუმენტი გაიზიარა. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ხელშეკრულება იმ პერიოდზე რა პერიოდზეც "კარფური" თანხის წარმოშობას ასაბუთებდა საერთოდ არ მოქმედებდა, შესაბამისად სხვა არგუმენტბზე გადასვლა სასამართლოს არ მოუწია, თუმცა საწინააღმდეგო განმარტების გაკეთების შემთხვევაშიც კი კიდევ სამსჯელო იყო რეალურად ხელშეკრულება რამდენად წარმოშობდა "კარფურის" მხრიდან თანხის მოთხოვნის უფლებას,“ - განაცხადა კომპანია "გრანდის" წარმომადგენელმა, ალექსანდრე ნაჭყებიამ.
დისტრიბუტორთა სარჩელთან დაკავშირებით "კარფურმა" განცხადება მაშინვე გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით კონკრეტულ საკითხზე კომპანიის მხრიდან კომენტარი აღარ კეთდება. კომპანიაში არც ამჯერად სურთ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება.