"ყვავილებს 1-დან 3 თვემდე ვადით გვიტოვებენ"- მცენარეების სასტუმრო "ბუტკო" გაფართოვდა
ქვეყანაში მოთხოვნა ყვავილების სასტუმროზე წლიდან-წლამდე მზარდია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში მცენარეების პირველი სასტუმროს - „ბუტკოს“ თანადამფუძნებელი თამარ რაზმაძე აცხადებს.
მისი თქმით, მიმდინარე წელს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათ მომსახურებაზე მოთხოვნა ორჯერ არის გაზრდილი.
„მცენარეების სასტუმრო ბაზრისთვის ინოვაციური იყო, ამიტომ, ძალიან კარგად მიიღო ეს სერვისი მომხმარებელმა. მსგავსი ტიპის სასტუმრო არათუ საქართველოში, ევროპის მასშტაბითაც, მხოლოდ ლონდონში არსებობს“, - განმარტა თამარ რაზმაძემ.
მისივე ინფორმაციით, „ბუტკოს“ მომხმარებლები, ძირითადად, საშუალო ასაკის ქართველი ქალბატონები არიან, რომლებიც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ, თუმცა, „ბუტკოს“ მომსახურებით უცხოელებიც სარგებლობენ.
„ყვავილებს, დაახლოებით, 1 თვიდან 3 თვემდე ვადით გვიტოვებენ. ყველაზე მინიმალური დრო, რა დროითაც მცენარე დაუტოვებიათ 3 კვირაა. რაც შეეხება მიზნებს, საკუთარ მცენარეებს გვიტოვებენ მაშინ, როცა ქალაქიდან გადიან და ასევე მაშინაც, როცა მცენარე სამკურნალოა“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ მცენარეების სასტუმროს თანადამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, „ბუტკო“ გაფართოვდა და თბილისიდან ტაბახმელაში გადავიდა, შესაბამისად, სასტუმროს აქვს გარე და შიდა ფართიც, სადაც ერთდროულად 200 მეტი მცენარის დატოვება შეუძლია. შეუზღუდავია მცენარეების ზომებიც.
„რაც შეეხება მცენარის დატოვების ფასებს, მას ზომა განსაზღვრავს. საშუალო ზომის 4 მცენარის დატოვება 1 კვირით 40-დან 50 ლარამდე ჯდება. თუ მცენარეს დასჭირდა შეწამვლა, ან სხვა სახის მკურნალობა, მაშინ ეს ფასი იზრდება“, - ამბობს თამარ რაზმაძე.
ცნობისთვის, საქართველოში მცენარეების პირველი სასტუმრო „ბუტკო“ ტაბახმელაში მდებარეობს, სადაც არდადეგების, შვებულების თუ სხვა მიზეზით სახლიდან წასვლის პერიოდში, მომხმარებლები თავიანთ მცენარეებს მოსავლელად ტოვებენ.