ბიზნესი
03/12/2020

ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ევროსტანდარტის ავიასაწვავის წარმოება იგეგმება

კომპანია “ფაზის ოილი“ ყულევში მაღალტექნოლოგიურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ავიასაწვავის (Jet A1) წარმოების დაწყებას გეგმავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, გია შავდიას განცხადებით, დაგეგმილია წელიწადში მილიონი ტონა ავიასაწვავის წარმოება.

როგორც შავდია აცხადებს, დღეისათვის საქართველო ავიასაწვავს (Jet A1) ძირითადად საბერძნეთიდან, იტალიიდან და  ნაწილობრივ, რუმენეთიდან ყიდულობს.

კითხვაზე, რა დამატებითი სარგებელი შეიძლება მოიტანოს  საქართველოში წარმოებულმა 1 მილიონ ტონა Jet A1-მა, შავდია აცხადებს, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მიერ რეგულარული ფრენების დანიშვნა, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაურონ ევროპის მიმართულებით.  ავიაკომპანიების მოზიდვისათვის მთავრი მასტიმულირებელი არის დაბალი ფასი ხარისხიან საწვავსა და მომსახურებაზე. 

მეორე მხრივ, დღეს პანდემიიდან გამომდინარე მზარდია საჰაერო გადაზიდვები ონლაინ პლატფორმებზე შეძენილი პროდუქციის.

“მოგეხსენებათ საჰაერო გადაზიდვების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი გახლავთ საწვავის ხარისხისა და ფასის ხელმისაწვდომობა და ასევე აეროპორტის ინფრასტრუქტურა, “ფაზის ოილის“ მიერ საქართველოში წარმოებული ავია საწვავი (Jet A1), ქვეყანას საშუალებას მისცემს დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა DHL-ი, Fedex-ი, TNT-ე, რომლებიც ბაზრის უპირობო ლიდერები არიან, რაც თავის მხრივ, ქუთაისის აეროპორტის კარგო ჰაბად ჩამოყალიბებას რეალობასთან დაახლოვებს“ - აცხადებს შავდია.

მისივე განცხადებით, „ფაზის ოილის“ პროექტი შესაძლებლობას იძლევა 1.2 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციით, წლიური 4.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშაოს და აწარმოოს შემდეგი ნავთობპროდუქტები:  42% -ი  „ევრო 6 პრემიუმ“ ბენზინი, 32%- „ევრო 5“ დიზელი, 23%-„Jet A1“(ავია საწვავი), 1.2%- ჰიდროგასუფთავებული მაზუთი, 0.6%-გრანულირებული გოგირდი, 0.5% პროპანი.