ბიზნესი
07/09/2023

QOOQY BAKERY 2024 წელს მინიმუმ 3 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს

QOOQY BAKERY 2024 წელს მინიმუმ სამი ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ილია გეფერიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ამ ეტაპზე კომპანია თბილისში 5 ფილიალითაა წარმოდგენილი.

„QOOQY BAKERY საკმაოდ სწრაფად და დინამიურად ვითარდება, ამ ეტაპზე ამ კუთხით განვითარება დროებით გავაჩერეთ, რადგან ორი წლის ბრენდისთვის ხუთი ფილიალი საკმაოდ ბევრია. გვინდა პროცესინგის გამარტივება, წარმოების პროცესის გაუმჯობესება, ხარჯების ოპტიმიზაციის მიღწევა და მომდევნო წლიდან კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ ახალი ფილიალების კუთხით განვითარებას. 2024 წელს მინიმუმ სამი ახალი ფილიალი დაგვემატება.“-აღნiშნა ილია გეფერიძემ.

მისივე განმარტებით, კომპანია ამ ეტაპზე ბუნებრივ საფუარზე დამზადებულ პურებს, ტკბილეულსა და ყავას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიაში ამ ეტაპზე 75 ადამიანია დასაქმებული.

შეგახსენებთ, QOOQY BAKERY-ს პირველი მაღაზია თბილისში 2022 გაიხსნა. დამფუძნებელების მთავარი მიზანია,  QOOQY BAKERY გახდეს მომხმარებლების ყოველდღიურობის ნაწილი, რაც ერთგული მომხმარებლის შეძენას და მათ შენარჩუნებას ნიშნავს.

 

Businesspartner