ბიზნესი
30/04/2021

ყაზბეგის ქუჩაზე თაუერების მშენებლობის დაწყება წელს იგეგმება

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე თაუერების მშენებლობა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. საუბარია, 38 სართულიან სართულიან 2 შენობაზე.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ბლოკ ინვესტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა, პროექტზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულია ნებართვა, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს პროექტის ირგვლივ საბოლოო დეტალების დაზუსტება.

„პანდემიიდან გამომდინარე, არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამხელა პროექტის განხორციელება დაგვეწყო. ამჟამად პროექტზე ინტერიერ დიზაინერები მუშაობენ, ხდება შიდა სივრცეების პროექტირება, რომელზე მუშაობაც უახლოეს მომავალში დასრულდება. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება და პროექტის მშენებლობასაც დავიწყებთ,“ - აცხადებს ჯანაშვილი.

მისი ინფორმაციით, თაურების პროექტი 3 წელში დასრულდება.

შეგახსენებთ, თაურები „ბლოკ ინვესტის“ და „ორბი ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონი დოლარია. გეგმის მიხედვით, 120 ათას კვადრატულზე ორი თაუერი აშენდება, რომელიც იქნება მულტიფუნქციური, შენობაში განთავსდება როგორც კომერციული ფართები, ისე რამდენიმე სასტუმრო და აპარტოტელი.

„ორბი ჯგუფი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც აპარტოტელების მშენებლობა დაიწყო. კომპანია აპარტოტელებს ბათუმსა და ბაკურიანში ფლობს. „ბლოკ ინვესტი“ კი ამ ეტაპზე, რამდენიმე სასტუმროს პროექტს ახორციელებს.

პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ 2016 წლიდან იგეგმება.