ბიზნესი
25/04/2023

ყაზახეთში 248 იურიდიული პირი, ფილიალი და წარმომადგენლობა ქართული კაპიტალით ფუნქციონირებს

ყაზახეთში 248 იურიდიული პირი, ფილიალი და წარმომადგენლობა ქართული კაპიტალის მონაწილეობით ფუნქციონირებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ქართული კერძო სექტორი ყაზახურ ბაზარზე წარმოებისა და მრეწველობის კუთხით აქტიურობს, თუმცა მათი მხრიდან ინტერესი შეინიშნება სხვა სექტორებშიც, მათ შორის - დეველოპერული მიმართულებით.

როგორც გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, წლიდან წლამდე მზარდია იმ ქართული კომპანიების რიცხვი, რომლებიც ოპერირებას ყაზახურ ბაზრებზე იწყებენ, ან წარმოებებს აფართოებენ.

„ეკონომიკური პოტენციალიდან, რაც არსებობს საქართველო-ყაზახეთს შორის თანამშრომლობის ნაწილში, პირობითად 10 ბალიდან, მხოლოდ 1 ბალია ათვისებული. ამიტომ, ჩვენი ორგანიზაცია განაგრძობს მუშაობას, რომ დანარჩენი 9 ბალიც ავითვისოთ“, - განმარტა გიორგი ჯახუტაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2022 წელს ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 7-ჯერ მეტია 2021 წელს არსებული მაჩვენებლთან შედარებით.

მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველომ ყაზახეთში ექსპორტით 122 მილიონ 195 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ყაზახეთში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - 87.1 მლნ დოლარი;
  2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები - 14.8 მლნ დოლარი;
  3. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - 3.1 მლნ დოლარი;
  4. მინერალური და მტკნარი წყლები - 3 მლნ დოლარი;
  5. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 2.2 მლნ დოლარი;
  6. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.1 მლნ დოლარი;
  7. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით - 1.2 მლნ დოლარი;
  8. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 628 ათასი დოლარი;
  9. ლუდი - 594 ათასი დოლარი;
  10. ელექტროსამართებლები და თმის საკრეჭი მანქანები - 583 ათასი დოლარი.

შეგახსენებთ, „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“.

 

 

 

Businesspartner