ბიზნესი
13/04/2022

ყაზახეთის ელჩი ქართველ ბიზნესმენებს ყაზახეთის ბაზარზე შესვლისკენ მოუწოდებს

საქართველო-ყაზახეთს შორის არსებული შესაძლებლობების ათვისება და გამოყენება ყაზახეთის ელჩს საქართველოში მნიშვნელოვნად მიაჩნია. 

ბაურჟან მუხამეჯანოვი აღნიშნავს, რომ შანსი ქართველმა ბიზნესმენებმაც უნდა გამოიყენონ და ყაზახეთის ბაზარზე უნდა შევიდნენ.

"ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, სულ ცოტა ხნის წინ ყაზახეთი–აზერბაიჯანი–საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებით ტარიფებსა და სხვა საკითხებზე მოლაპარაკებები დავიწყეთ, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას ორ ქვეყანას შორის.

ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ყაზახი ბიზნესმენებიი სარგებლობენ საქართველოს ხელსაყრელი ბიზნესგარემოთი, არსებული საგადასახადო სისტემით. ასევე მოვუწოდებ ქართველ ბიზნესმენებს შევიდნენ თავიანთი ბიზნესით ყაზახეთში," – აღნიშნავს მუხამეჯანოვი. 

თბილისში ქართულ–ყაზახური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საქართველოს 30–მდე ყაზახური კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლის მიზანიც ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაა.