ყავის ლაბორატორიის გაფართოება ზაფხულამდე გადავადდა
ყავის ლაბორატორიას გაფართოების გეგმები დაუპაუზდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, მიზეზი კორონავირუსის შედეგად არსებული ბიზნეს და ეკომიკური გარემოა.
ზარქუას ინფორმაციით, 2020 წლის ბოლომდე იგეგმებოდა 2 ახალი ფილიალის გახსნა, ახლა კი გეგმები დაკორექტირდა და ვაკეში, ახალი კონცეფციით შექმნილი ორივე ობიექტი მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება.
ობიექტის პირველ სართულზე იქნება Coffe Lab-ი, მეორე სართული კი რესტორანს დაეთმობა. როგორც ზარქუა აღნიშნავს, ერთი ობიექტი ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, მეორე კი ფალიაშვილზე.
ფილიალების ქსელის გაფართოებაში კომპანია დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ყავის ლაბორატორიის გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ ლოქდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაონ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს.
„როდესაც შეზღუდვები მოიხსნა და გარე სივრცეებში მუშაობა შესაძლებელი იყო, ძალიან ცუდი ამინდები დაემთხვა, შესაბამისად, რეალიზაცია არ იყო ისეთი, როგორიც დაგეგმილი გვქონდა. ყოველ თვე მინუსებს ვითვლით, რომ არ გავაჩეროთ ბიზნესი ამიტომ ვმუშაობთ “-აცხადებს ზარქუა.
ყავის ლაბორატორია მომხმარებელს 10-მდე სახეობის ყავას სთავაზობს. საუბარია, როგორც ადგილზე არატრადიციული მოხალვის სპეფიციკით მომზადებული ყავის დაგემოვნებაზე, ასევე ყავის მარცვლისა და მისი მომზადებისთვის მარტივი მოწყობილობების შეძენაზეც.
ყავის ლაბორატორია 100-მდე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს და ყავის მარცვალს აწვდის. ამ ეტაპზე კომპანიას მხოლოდ ერთი ფილიალი, ყაზბეგის გამზირზე აქვს.