ბიზნესი
21/07/2020

ყავის ლაბორატორია წლის ბოლომდე 2 ახალ ფილიალს ვაკეში გახსნის

ყავის ლაბორატორია წლის ბოლომდე 2 ახალ ფილიალს ვაკეში გახსნის, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი კონცეფციით შექმნილი ობიექტი  ფალიაშვილზე  შემოდგომაზე გაიხსნება. ობიექტის პირველ სართულზე იქნება Coffe Lab-ი, მეორე სართული კი რესტორანს დაეთმობა.

რაც შეეხება მეორე ფილიალს ვაკეში, ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დადებითად გადაწყევტის შემთხვევაში ობიექტი 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება.

ფილიალების ქსელის გაფართოებაში კომპანია დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ყავის ლაბორატორიის გენერალური მენეჯერი პანდემიის პერიოდსაც აფასებს და კარანტინის შემდგომ პერიოდსაც მიმოიხილავს. მისი განმარტებით, თუ კარანტინის პერიოდში ბიზნესი სრულად გაჩერდა და მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, რაც გაყიდვებში მიზერს წარმოადგენდა,  დღეს  ტენდენციააა  ის, რომ ბიზნესმა ყავის პროდუქტზე დაზოგვა დაიწყო. ზარქუას განცხადებით, კომპანიის გაყიდვების 50% კორპორატიულ გაყიდვებზე მოდიოდა.

„საცალო მიმართულებაზე სრულად დავიბრუნეთ ჩვენი მომხმარებელი, პანდემიამდე რა სიტუაციაც იყო ფაქტობრივად უკეთესი თუ არა, მინიმუმ ის შედეგები გვაქვს. თუმცა, კორპორატიული გაყიდვების კუთხით, მომხმარებელი გაგვინახევრდა. ბევრმა კაფემ  და რესტორანმა არ გააგრძელა მუშაობა, ოფისები დაკეტილია და არ მუშაობს. არსებული პარტნიორების მოხმარებაც შემცირდა,“ - აცხადებს ზარქუა.

ყავის ლაბორატორია მომხმარებელს 8 სახეობის ყავას სთავაზობს. საუბარია, როგორც ადგილზე არატრადიციული მოხალვის სპეფიციკით მომზადებული ყავის დაგემოვნებაზე, ასევე ყავის მარცვლისა და მისი მომზადებისთვის მარტივი მოწყობილობების შეძენაზეც.

ყავის ლაბორატორია 100-მდე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს და ყავის მარცვალს აწვდის. ამ ეტაპზე კომპანიას მხოლოდ ერთი ფილიალი, ყაზბეგის გამზირზე აქვს. 

 

Businesspartner