ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას.
ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს.
„როდესაც შეზღუდვები მოიხსნა და გარე სივრცეებში მუშაობა შესაძლებელი იყო, ძალიან ცუდი ამინდები დაემთხვა, შესაბამისად, რეალიზაცია არ იყო ისეთი, როგორიც დაგეგმილი გვქონდა. ყოველ თვე მინუსებს ვითვლით, რომ არ გავაჩეროთ ბიზნესი ამიტომ ვმუშაობთ “-აცხადებს ზარქუა.
ყავის ლაბორატორია მომხმარებელს 10-მდე სახეობის ყავას სთავაზობს. საუბარია, როგორც ადგილზე არატრადიციული მოხალვის სპეფიციკით მომზადებული ყავის დაგემოვნებაზე, ასევე ყავის მარცვლისა და მისი მომზადებისთვის მარტივი მოწყობილობების შეძენაზეც.
ყავის ლაბორატორია 100-მდე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს და ყავის მარცვალს აწვდის. ამ ეტაპზე კომპანიას მხოლოდ ერთი ფილიალი, ყაზბეგის გამზირზე აქვს.