ყარაფილაში "კომბუჩას" წარმოება დაიწყო
ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ნატურალური სასმელის „კომბუჩას“ საწარმო გაიხსნა. სოფელ ყარაფილაში გახსნილ საწარმოში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოება იწყება.
საწარმო ოფიციალურად გახსნეს „საპარტნიორო ფონდის“აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ , ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა გიორგი ლომიძემ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ქეთევან ჭუმბურიძემ.
შპს "კომბუჩა ბრიუერს ჯორჯია", ამერიკაში ფართოდ გავრცელებული სასმელის, ორგანული კომბუჩას ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში.
კომპანიის მიზანია საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების სტილის ტენდენციის ზრდასთან ერთად, ადამიანებს შესთავაზოს სასარგებლო თვისებების მქონე პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტი.
სასმელი „კომბუჩა“ ადგილობრივი ნედლეულით მზადდება. საწარმოში სოფლის მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება.
„კომბუჩას" თვისება დეტოქსიკაცია და იმუნური სისტემის ამაღლებაა, რაც პასუხია 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვა დაბინძურებული გარემოს პირობებში და ორგანიზმისთვის ორგანული პროდუქტების დეფიციტის შევსება.
„კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და ის „სტარტაპ-საქართველოსა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანადაფინანსებით შეიქმნა.
2019-2021 წლებში, სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ერთობლივმა ინვესტიციამ 1,5 მლნ ლარზე მეტი, ბენეფიციარების ჯამურმა თანამონაწილეობამ კი 1,05 მლნ ლარი შეადგინა.
საპარტნიორო ფონდის მონაცემებით, „სტარტაპ საქართველოს“ ამ ეტაპზე 112 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 92 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.