პროფესიონალი ხელოსნების დეფიციტი კვლავ გამოწვევაა
მულტიპროფილური პლატფორმები, რომლებიც მომხმარებელს პროფესიონალი ხელოსნების მოძიებაში ეხმარება, კადრების დეფიციტზე საუბრობენ.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Mr. Master-ისა და Profy-ში განუცხადეს, მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნის, მაღალი ანაზღაურების და იმ შესაძლებლობებისა, რასაც პლატფორმები ხელოსნებისთვის იძლევა - კადრების დეფიციტი მაინც გამოწვევად რჩება.
„საქმიანობა საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. რიგ შემთხვევაში, პროფესიონალები ახერხებენ, რომ გამოიმუშაონ 5- 6 ათასი ლარი, მათი კვალიფიკაციისა და სამუშაოების შესრულების ინტენსივობის მიხედვით.
მიუხედავად ამისა, სულ უფრო რთულდება პროფესიონალი კადრების მოძიება. ამ პრობლემის გადასაჭრელად ვცდილობთ, რომ როგორც პროფესიონალი კადრები მოვიძიით, ასევე ახალი ადამიანების ნაწილში ინტერესის გასაღვივებლად, სტაჟირების შესაძლებლობა ყველას ყურამდე მივიტანოთ,“ – ამბობს Profy- ს აღმასრულებელი დირექტორი, სოსო ჩხიკვაძე.
„რთულად მოძიებადია მაღალკვალიფიციური ხელოსნები, რაც კადრების ქვეყნიდან გადინებამ და ისეთი პლატფორმების შექმნამ გამოიწვია, რომლებიც საინტერესო გახდა შემოსავლის უცებ გენერირების კუთხით - ვგულისხმობ საკურიერო მომსახურებებს. იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი ვერ გვაწვდის შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებს, აქტიურად ვართ დაკავებულები საზღვარგარეთ ხელოსნების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობით,“ - ამბობს Mr. Master-ის ტექნიკური მენეჯერი, გიორგი ჟორჟოლიანი.