პრემიერი: წყალტუბოს 14 სანატორიუმი გამოგვაქვს გასაყიდად, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარია
მთავრობამ წყალტუბოს აღდგენის გეგმა შეიმუშავა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, მთვრობას 14 სანატორიუმი გამოაქვს გასაყიდად, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 50 მლნ ლარია.
პრემიერის მოლოდინია, რომ წყალტუბოში 500 მლნ ლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება.
გარდა ამისა, მისი თქმით, ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირებას მთავრობაც განახორციელებს.
"ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით არის განხორციელებული, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არაერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია. გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული საფარი და ეს ყველაფერი ამფითეატრის ფორმით განლაგდა. ჩვენი გეგმაა, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მოგვარებულია წყლის პრობლემაც. ახლა ჩვენ უკვე გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს. ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება - 500 მლნ ლარი წყალტუბოს აღსგდგენად. რა თქმა უნდა ეს იქნება კერძო ინვესტიცია, გარდა ამისა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე მსოფლიო დონის სპა კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც მსოფლიო დონის სპა კურორტი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.