ბიზნესი
17/03/2023

POSTRED აკადემიაში სწავლის მსურველთა რაოდენობა მზარდია

USAID-ის დახმარებით შექმნილ POSTRED აკადემიაში სწავლის მსურველთა რაოდენობა მზარდია. სწავლა ორი, ხმისა და მუსიკის დიზაინის მიმართულებებითაა შესაძლებელი.

„აკადემია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, რომ საქართველოში ეს ინდუსტრია უფრო აქტუალური გავხადოთ. არა მარტო გახმოვანების ნაწილში, ვიდეო-მონტაჟის, ფერების კორექციის და სხვა მიმართულებებით. გვინდა, რომ შევქმნათ საზოგადოება, სადაც უფრო მეტად გავცვლით იდეებს, უფრო მეტად განვავითარებთ, უფრო დავეხმარებით სხვა კომპანიებსაც, რომ გავიდნენ ქვეყნის გარეთ და იმუშაონ დასავლეთის ბაზარზე. დაინტერესება საკმაოდ დიდია. საქართველოში თანამედროვე პროფესიადაც კი ითვლება. ახლა ორი ფაკულტეტი გვაქვს, ხმის დიზაინისა და მუსიკის. 6 თვიანი კურსები გვაქვს, თუმცა ვაპირებთ, რომ ბევრი სხვადასხვა პატარა კურსებიც დავამატოთ“,- განაცხადა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე POSTRED-ის დამფუძნებელმა, ბესო კაჭარავამ.

აკადემიაში 6 თვიანი კურსის გავლის საფასური 4 000 ლარია.

„ეს ჩვენთვის მომგებიანი ბიზნესი ჯერჯერობით არაა. უბრალოდ, გვინდა, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი დაინტერესდეს. სწავლის საფასური ძალიან დაბალია იმის ფონზე, თუ რა ღირს ეს უცხოეთში. სექტორში საშუალო ანაზღაურება გამოცდილი არტისტისთვის საკმაოდ მაღალია. ალბათ, იმდენი, რამდენიც IT სექტორში. 5 ციფრიანზეც ადის“,- აღნიშნა კაჭარავამ.

Paramount Pictures, HBO, Netflix, BBC, Hulu, A24, Apple TV+ - ეს ის მსხვილი საერთაშორისო კომპანიები არიან, რომლებიც პარტნიორად ქართულ კომპანია POSTRED-ს ირჩევს. POSTRED-ი ხმის დიზაინისა და მუსიკის სერვისების სტუდიაა, რომლის შეთავაზებების ჩამონათვალშია ხმა და მუსიკა ფილმისთვის, რეკლამისთვის, ვიდეო თამაშებისთვის და სხვა სატელევიზიო თუ ინერაქტიული მედიისთვის. POSTRED-ი "საუკეთესო პროდუქტის" მიმწოდებელი კომპანიის სტატუსს ფლობს.