ბიზნესი
22/12/2021

პარლამენტმა სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების გამკაცრებაზე პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების გამკაცრებაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. 

ცვლილების თანახმად, სექტორის დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით გაიზრდება. 

2022 წლის მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ:25 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს. 

კანონში გაიწერება თამაშზე დამოკიდებული პირის, დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის განმარტება. 

თამაშზე დამოკიდებულია ფიზიკური პირი - რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე. 

დამოკიდებულ პირთა სია - აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის მონაცემების შეტანა მოხდება სასამართლოს ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე. 

აკრძალული პირი - რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა, მათ შორის თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში. 

დამოკიდებულ პირთა სიას და აკრძალულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მონაცემების შეტანა.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა მოხდება: თავად დამოკიდებული პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს
წარადგენს შემოსავლების სამსახურში დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანის თაობაზე; სასამართლოს ბრძანების საფუძველზე. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეტანა მოხდება 5 წლის ვადით. 

დამოკიდებულ პირთა სიიდან, პირის მონაცემების ამოღება შესაძლებელი იქნება სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, ამავე პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში.

აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტით. 

იმ პირის სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხები, რომელსაც კანონის ამოქმედების შედეგად შეეზღუდება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, დაუბრუნდება მას ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 

გარდა ამისა, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე. 

სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.