პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის $40 მლნ-იანი ორი პროექტი ისევ გაჩერებულია
პანკისის ხეობაში კომპანია „ალაზანი ენერჯის“ (კომპანია „ფერის“ შვილობილი კომპანია) ორი ჰიდროელექტროსადგურის $40 მილიონი დოლარის პროექტი ისევ გაჩერებულია. საუბარია, ხადორი 3-ის და სამყურისწყალი 1-ის მშენებლობაზე.
როგორც კომპანიის დირექტორი ლაშა იორდანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მდინარე ალაზანზე, 5.4-მეგავატიანი ხადორი 3-თან დაკავშირებით, პანკისის ცნობილი მოვლენების შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა 25 მეგავატიან „სამყურისწყალზე“.
როგორც იორდანიშვილი განმარტავს, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკება და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული 90%-იანი მხარდაჭერის მიღწევა “ძალიან რთული” ამოცანა აღმოჩნდა.
„მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას ისევ ვაპირებთ. ეს პროტესტი არ არის არც მოსახლეობის და არც მთავრობის ბრალი. ეს არის გარემოსდამცველთა კონკრეტული ჯგუფი, რომელიც საქართველოში ეწინააღდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და დაინტერსებულია ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებაზე. ამ ჯგუფს ძალიან მარტივად შეჰყავს შეცდომაში ხალხი სხვადასხვა სენტიმენტებით. მათ შორის, პანკისში იტყვის, რომ თითქმოს მათი შევიწროება გვინდა, რაჭაში იტყვის რომ განადგურდეს ბუნება და ასე,“ - აცხადებს იორდანიშვილი.
მისი ინფორმაციით, ესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მაჩენებლების მიხედვით, ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი უკვე იმპორტირებულია. „მარტივად შეიძლება ანალიზის გაკეთება, მოსახლეობის სენტიმენტებზე თამაში და შეცდომაში შეყვანა მარტივია, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით და პროეტს ბოლომდე მივიყვანთ,“ - აცხადებს იორდანიშვილი.
„ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელი სამყურისწყალზე ჰესის მშენებლობის საკითხსაც ახსენებს და აცხადებს, რომ მისი მშენებლობა სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყება.
როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში უკვე არის ორი ჰესი, „ხადორი 1“ და „ხადორი 2“.