ბიზნესი
12/10/2021

პანდემიით დაზარალებულ ბიზნესს სახელმწიფო ქონების იჯარის გადასახადი ჩამოეწერება

პანდემიით დაზარალებული ბიზნესი 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში დარიცხული სახელმწიფო ქონების იჯარის და ქირის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. აგრეთვე ჩამოეწერებათ დარიცხული ჯარიმები. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შეღავათი ეხება იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ ქონების იჯარით, ქირის უფლებით ან მართვის უფლებით აქვს გადაცემული სახელმწიფო ქონება და ვისაც ქონების მართვის სააგენტოსთან შესაბამისი ხელშეკრულება აქვს დადებული. 

მისი თქმით, ჯამში საუბარია 5 მლნ ლარზე მეტი, რომელიც იჯარა-ქირას შეადგენს. ამას ემატება ჯარიმა, დაახლოებით 1 მლნ ლარი. 

მინისტრის განცხადებით, შეღავათები ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადეს. მათ მომავალში ჩაეთვლებათ ეს გადახდილად. 

"ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც თავს დაატყდა ზოგადად ქვეყანას, ბიზნესებს, ადამიანებს, რაც აისახა გადახდისუნარიანობაში. რა თქმა უნდა ამან შეაფერხა ძალიან ხშირ შემთხვევაში იგივე სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე მოიჯარეების, მოქირავნეების შესაძლებლობები, რომ დროულად გადაეხადა სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრებული იჯარა, ქირა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.