ბიზნესი
09/06/2021

პანდემიის პირობებში "თამაშობანაზე" მოთხოვნა გაიზარდა

ქართული თამაშების მწარმოებელი კომპანია “თამაშობანას“ თანადამფუძნებელი ნონა სონღულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიამ მომხმარებლის ქცევა შეცვალა და  ახლა მომხმარებლის მხრიდან აქცენტი საბავშვო ღონისძიებებზე (ვორქშოპი) კეთდება.

კომპანიაში არის სამი მიმართულებაა: საბავშვო-საოჯახო კაფე, სამაგიდო თამაშები და სხვადასხვა ღონისძიებები და თამაშები. სონღულაშვილის განცხადებით, პანდემიის პირობებში ქართული კომპანიისთვის თავის გატანა და გადარჩენა საკმაოდ რთული იყო, თუმცა ახალ რეალობაზე მორგებამ შედეგი მოიტანა.

“პანდემიის პირობებში ვმუშაობდით ონლაინ, ასევე ჩვენი ყველა ვორქშოპი რაც გვაქვს ადგილზე, გადავიტანეთ დისტანციურ რეჟიმიში. ერთი დღე არ გავჩერებულვართ. მოთხოვნა ნამდვილად იყო. როგორც  კი მოიხსნა შეზღუდვები, ჩვენმა სამივე მიმართულებამ აქტიურად განაახლა საქმიანობა,“ - აცხადებს ნონა სონღულაშვილი.

„თამაშობანას“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემიამ კომპანიას საინვესტიციო გეგმები დაუპაუზა. მათ შორისაა, კაფეს ფილიალის გახსნა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. სონღულაშვილის განცხადებით, ყველა ეს პროექტი სავარაუდოდ, 2022 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება.

კომპანია „თამაშობანა“ ბაზარზე 2015 წლიდანაა.