ბიზნესი
28/12/2020

პანდემიის მიუხედავად, Kutaisi Inn-ის მშენებლობა იწყება

პანდემიის მიუხედავად, სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ი ქუთაისში 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას იწყებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Inn Group-ის აღმასრულებელმა  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა, სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია, სამუშაოები კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

კოკაიას ინფორმაციით, Inn Group-ი ქუთაისი ინის მშენებლობაში 3 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. მისი ინფორმაციით, სასტუმრო პირველ სტუმარს 2022 წლის მარტში მიიღებს.

„სასტუმროს პრეზენტაცია მოვახდინეთ 2019 წელს, შესაბამისად, ზუსტად ვიცით, რომ მოთხოვნა არის. მაშინ ქუთაისის აეროპორტში ფრენების რაოდენიობაც იზრდებოდა. პარტნიორებისგან იყო მოთხოვნა, რომ ქუთაისში იყოს Inn Group-ის დონის სასტუმრო, რომელიც სამწუხაროდ არ არის. ადგილზე არის პატარა სასტუმროები, თუმცა ზედმეტად ძვირი და არ სთავაზობენ იმ მომსახურებას, რაც დააკმაყოფილებდა სტანდარტებს,“ - აცხადებს კოკაია.

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს.  კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.