ბიზნესი
06/08/2020

პანდემიას ვუყურებთ როგორც დროებით ეკონომიკურ რისკს - შუხმან ჯგუფი

„შუხმან ვაინს ჯორჯია“ პანდემიას უყურებს როგორც ერთ-ერთ ეკონომიკურ რისკს, რომელიც დროებითია, - ასე აფასებს „ბიზნესპარტნიორთან“ ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი Covid-19-ის გავლენას კომპანიაზე. მისი შეფასებით, პანდემია ეკონომიკის ყველა სექტორზე აისახა, მათ შორის ღვინის მიმართულებაზეც. საუბარია, ადგილობრივი ბაზრის 50%-იან შემცირებაზე.

ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, რომ კომპანიაში პანდემიიდან გამოწვეული კრიზისი ექსპორტის მიმართულებაზე ნაკლებად აისახა, რადგან „შუხმან ვაინს ჯორჯია“ მუდმივად ცდილობს  ბაზრის დივერსიფიცირებას. კომპანია იმედოვნებს, რომ კრიზისი დაახლოებით 2 წლიან პერსპექტივაში დაძლევადია.

„ვიდრე ვაქცინა არ იქნება და არ დაიწყება მასობრივი გამოჯანსაღება, მანამდე მსოფლიო კრიზისი გარდაუვალია“, - აცხადებს აბრამიშვილი.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ახალი ბაზრების ათვისებაზე საუბარი ზედმეტია. პრიორიტეტი ახლა არსებულის შენარჩუნებაა. აბრამიშვილი  მიიჩნევს, რომ ღვინის ქართულმა კომპანიებმა ძველ ბაზრებზე ახალი მიდგომებით უნდა იმუშაონ, რადგან ქართულ ღვინოს მსოფლიოს მასშტაბით თავის დამკვიდრება თავიდან მოუწევს.

კითხვაზე, რა ახალი სტატეგიით უნდა იმოქმედონ კომპანიებმა, აბარამიშვილი აღნიშნავს, რომ საკითხს გლობალურად და კომპლექსურად უნდა შევხედოთ.

„როდესაც ქართული ღვინო ექსპორტზე იყიდება, ამ დროს ჩვენ ვყიდით არა ღვინოს, არამედ საქართველოს მისი 8000 წლიანი ტრადიციით, ტურისტული პოტენციალით და ზოგადად, ქვეყნის იმიჯით. ახლა ჩვენი და ზოგადად, სხვა კომპანიების სტარტეგია უნდა იყოს, რომ საქართველო გავიდეს ფარგლებს გარეთ და „გაიყიდოს“, ანუ წარმოჩინდეს როგორც სამაგალითო, მოწინავე ქვეყანა კრიზისთან, Covid-19-თან  ბრძოლაში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა, რომელმაც დაძლია პანდემია, დაძლია რისკები და შეინარჩუნა ასეთი მაღალი გამოჯანსაღების რეიტინგი“, - აღნიშნავს ნუცა აბრამიშვილი.

რაც შეეხება იმას, ხომ  არ შეიცვლება ქართული ღვინის საფასო სეგმენტი მსოფლიო ბაზარზე, აბრამიშვილი ამას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ქართულ ღვინოს ყოველთვის შენარჩუნებული ექნება  მაღალი ბუტიკური ტიპის და ქვეყნის სტატუსი, თუმცა, ლიმიტირებული, რომელიც ავტომატურად ნიშნავს მაღალ ხარისხს და მაღალ ფასს. "ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და იმ იმიჯისთვის, რომლისკენაც საქართველო მიილტვის."

მისი ინფორმაციით, „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ექსპორტს 25 ქვეყანაში ახორციელებს. პორტფელი დივერსიფიცირებულია, აქედან 5%-იანი წილი უჭირავს რუსეთის ბაზარს, რომელიც ისევ რჩება რისკის შემცველ ქვეყნად, გამომდინარე  პოლიტიკურ და ეკონომიკური მდგომატრეობიდან. შესაბამისად, „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ პოლიტიკა ისევ რჩება ის, რაც იყო პანდემიამდე.

„საქართველო და ქართული ღვინო მსოფლიოს ბაზარზე თავის დამკვიდრებას აპირებს როგორც COVID უსაფრთხო ქვეყანა არამარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში. მოკლევადიან ეკონომიკურ რისკს, როგორიც იყო პანდემია, საქართველო ღირსეულად შეებრძოლა, შესაბამისად, ქვეყანას შეუძლია გამოწვევასთან ეფექტურად გამკლავება. ასე ვაპირებ მე პირადად საქართველოს და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე თავიდან გაცნობას“-აცხადებს აბრამიშვილი.