პანდემიამ კასპის საკონსერვო ქარხანას საინვესტიციო გეგმები დაუპაუზა
პანდემიის გამო კასპის საკონსერვო ქარხანა საინვესტიციო გეგმები დაუპაუზდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა, 2020 წელს დაგეგმილი იყო ასორტიმენტის დაახლოებით 10-15 დასახელებით გაზრდა.
დაგეგმილი იყო მოთუშული ხორცის წარმოების დაწყება, რომელიც დახლზე თუნუქის ქილებში გამოჩნდებოდა. „თუ წელს პანდემიამ ხელი არ შეგვიშალა, აუცილებლად გავფართოვდებით, დაწყებული გვაქვს ხორცის საწარმოო ხაზისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების მოძებნის პროცესიც,“ - აცხადებს მერებაშვილი.
მისი ინფორმაციით, ეპიდმიოლოგიური მდგომარეობა კასპის საკონსერვო ქარხანაზეც აისახა, 20-25%-ით შემცირდა რეალიზაცია, თუმცა კომპანია მაინც ახერხებს მუშაობას.
ოთარ მერებაშვილი აცხადებს, რომ კასპის საკონსერვო ქარხანა ამ დროისთვის 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. მათ შორისაა, მურაბები, აჯიკები, მწნილები და ა.შ. წარმოებული პროდუქციის 50%-ი საექსპორტოა.
მერებაშვილის განცხადებით, კომპანია ნედლეულს იბარებს როგორც ადგილობრივებისგან, ისე მთლიანად შიდა ქართლიდან და მარნეულიდან.
კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა.კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციის ნაირსახეობებს.
დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ამერიკა, აფრიკა, უკრაინა და ისრაელი.ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვეიცარიასთანაც.