პანდემია, ლარის არასტაბილურობა, არჩევნები - “ბინადარი“ 2020 წელს აჯამებს
დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ დამფუძნებელი გოგა ტალახაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 2020 წელი ბიზნესისთვის და ამ შემთხვევაში დეველოპერული სექტორისთვის გამოწვევების წელი იყო. დეველოპერი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რის გამო კომპანია „ბინადარს“ გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 25-30%-ით შეუმცირდა.
როგორც ტალახაძე აცხადებს, კომპანიისთვის ერთ-ერთი და უმთავრესი გამოწვევა პანდემიაა. როგორც ტალახაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი პროდუქტის, იპოთეკური სესხის 4%-იანი სუბსიდირება მოახდინა, ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია.
„საზოგადოების მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა. რისკებს ხედავენ, არ იციან ხვალ რა იქნება და ამიტომ ტრანზაქციებისგან თავს იკავებენ,“ - აცხადებს ტალახაძე.
მისი განმარტებით, 2020 წელს ბიზნესისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები იყო ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა და არჩევნები. ამას დაემატა გაძვირებული ფასები საშენ მასალებზე. „შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ყველანაირად ვეცადეთ, არ გაზრდილიყო ფასები, რომელიც გაყიდვების სტიმულირების ერთ-ერთი საფუძველი იქნებოდა,“ - აცხადებს ტალახაძე.
„ბინადარის“ დამფუძნებელს 2021 წლისთვის განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს. მისი განმარტებით, კომპანია შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ახალი პროექტების დაწყებას თავს არიდებს.
დეველოპერული კომპანია „ბინადარი“ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.